კრისტიან შმიდტი - ბოსნია და ჰერცეგოვინის დაშლის და ახალი კონფლიქტის პერსპექტივები ძალიან რეალურია, თუ ეთნიკური სერბების ჯარები ბოსნიის არმიიდან გავლენ
ბოსნია და ჰერცეგოვინის დაშლის და ახალი კონფლიქტის პერსპექტივები ძალიან რეალურია, თუ ეთნიკური სერბების ჯარები ბოსნიის არმიიდან გავლენ, – ამის შესახებ ბოსნიის და ჰერცეგოვინის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კრისტიან შმიდტმა განაცხადა.
საერთაშორისო დესპანის თქმით, დასავლეთ ბალკანეთის პატარა ქვეყანას შეიძლება შეექმნას ომის შემდგომი პერიოდის ყველაზე დიდი ეგზისტენციალური საფრთხე, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა არ შეზღუდავს ბოსნიელი სერბების სეპარატისტულ ქმედებებს.
გერმანელი დიპლომატის განცხადებით, ბოსნიელი სერბები საფრთხის ქვეშ აყენებენ არა მხოლოდ ქვეყნისა და რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მიერ პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს შეთანხმების გაუქმება, რომელმაც დაასრულა ბოსნიის ომი 1995 წელს.
კრისტიან შმიდტის მოხსენება მიმდინარე კვირაში გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წარედგინება. ბოსნიელი სერბები მოხსენებას „პროპაგანდისტულ ბროშურას“ უწოდეს და თქვეს, რომ ანგარიში მუსლიმი ბოსნიელების სასარგებლოდ დაიწერა. ბოსნიელი სერბები ლიდერმა, მილორად დოდიკმა, რომელსაც რუსეთის და სერბეთი ფარული მხარდაჭერა აქვს, ბოლო დროს კამპანია გაააქტიურა, რომელიც ბოსნიის და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში არსებული ცალკე სუბიექტის, „სერბთა რესპუბლიკის“ არმიის, საგადასახადო ორგანოს და სადაზვერვო სააგენტოს შექმნას მიმდინარე თვის ბოლომდე ითვალისწინებს. დოდიკი იმუქრება, რომ ბოსნიელი სერბების სამხედრო კონტიგენტის ჩამოყალიბების შემდეგ, „სერბთა რესბუბლიკაში“ მდებარე ბოსნიის არმიის ყაზარმებს დაიკავებს.
მილორად დოდიკის თქმით, თუ დასავლეთი ჩარევას შეეცდება, ბოსნიელი სერბების მეგობრებს დაუძახებს, რითაც აშკარად მიუთითა რუსეთზე დ სერბეთზე. კრისტიან შმიდტის მოხსენება გაერო უსაფრთხოების საბჭოს კვირის ბოლოს წარედგინება. უსაფრთხოების საბჭო განიხილავს „იუფორის“ (EUFOR) სამშვიდობო მისიის მანდატის ერთი წლით გახანგრძლივებას ბოსნიაში. რუსეთი იმუქრება, რომ ვეტოს დაადებს მანდატის გაგრძელების რეზოლუციას, თუ უმაღლესი წარმომადგენლის და მისი ოფისის ყველა უფლებამოსილება არ მოიხსნება.
„ევრონიუსი“ წერს, რომ ეს არის კრისტიან შმიდტის, როგორც 1995 წლის სამშვიდობო შეთანხმების დამკვირვებლის ავტორიტეტის შერყევის აშკარა მცდელობა. ბოსნიის ომი აშშ-ის ხელმძღვანელობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებით 1995 წელს დასრულდა.
დეიტონის შეთანხმებით, შეიქმნა ორი ადმინისტრაციული ერთეული, იგივე სუბიექტი – სერბული დომინაციის „სერბთა რესპუბლიკა“ და ბოსნიელების და ხორვატების უმრავლესობით ფედერაცია, იგივე ბოსნია და ჰერცეგოვინა. ამავე დროს შეიქმნა უმაღლესი წარმომადგენლის ოფისი, რომელიც არბიტრის როლს ასრულებს სამშვიდობო შეთანხმების სამოქალაქო ნაწილის განხორციელებაზე. ორ ერთეულს მიენიჭა გარკვეული ავტონომია სახელმწიფო დონის მთავრობასთან ერთად. არმია, უმაღლესი სასამართლო სისტემა, დაზვერვა და საგადასახადო ადმინისტრაცია იმართება სახელმწიფო დონის ინსტიტუტების მიერ. ბოსნიას ასევე აქვს სამი წევრისგან შემდგარი ხელმძღვანელობა, რომელიც შედგება წევრებისაგან, რომლებიც წარმოადგენენ თითოეულს სამი დომინანტური ეთნიკური ჯგუფიდან.