კრისტიან პრედა - მოვუწოდებ ყველას, თავიდან ავიცილოთ შეცდომა, რაც დაშვებული იქნა 2008 წელს საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში, ვიმედოვნებ, ევროკავშირი არ დაუშვებს მსგავს შეცდომას
მოვუწოდებ ყველას, თავიდან ავიცილოთ შეცდომა, რაც დაშვებული იქნა 2008 წელს საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში, – ამის შესახებ ყოფილმა ევროპარლამენტარმა, ბუქარესტის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, კრისტიან პრედამ ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 2008 წელს საქართველო და უკრაინა რომ გამხდარიყვნენ ნატო-ს წევრები, თავიდან იქნებოდა აცილებული რუსეთის აგრესია თავდაპირველად საქართველოში და შემდგომ უკვე – უკრაინაში.
„2008 წელს იყო გადამწყვეტი მომენტი არა მარტო საქართველოსა და უკრაინისთვის, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებისთვის. 2008 წელს ეს ორი ქვეყანა რომ გამხდარიყვნენ ნატო-ს წევრები, თავიდან ავიცილებდით რუსეთის აგრესიას თავდაპირველად 2008 წელს, საქართველოში და შემდგომ უკვე – უკრაინაში. ომმა ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკაში ბევრ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანას გაუმარტივა ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია. სწორედ ომის შიში იყო, რამაც ხელი შეუწყო ამ გაფართოებას. საქართველო და უკრაინა, რომლებიც არიან რუსული აგრესიის მსხვერპლნი, სამწუხაროდ, ვერ გახდნენ ნატო-ს წევრები. მოვუწოდებ ყველას, რომ თავიდან ავიცილოთ ის შეცდომა, რაც დაშვებული იქნა 2008 წელს საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში. იმედი მაქვს, ევროკავშირი არ დაუშვებს მსგავს შეცდომას“, – განაცხადა კრისტიან პრედამ.