კრისტიან დანიელსონი - პოლიტიკურ კრიზისში გამოსავლის პოვნაზე პასუხისმგებლობა პოლიტიკურ ლიდერებს ეკისრებათ
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ევროკავშირმა და აშშ-მა ძალიან გულმოდგინეთ იმუშავეს, რათა მხარი დაეჭირათ პარტიებისთვის, მიეღწიათ შეთანხმებას საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის დადასრულებლად.
„ამ კვირის განმავლობაში ინტენსიურ დისკუსიებში ვიყავი ჩართული საქართველოში, როგორც პრეზიდენტ მიშელის პერსონალური წარმომადგენელი, რომ ევროკავშირს გაეწია მედიაცია ამ პროცესში. ევროკავშირმა და აშშ-მა გულმოდგინედ იმუშავეს, რათა მხარი დაეჭირათ მხარეებისთვის, რომ მიეღწიათ შეთანხმებას არსებული პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად საქართველოში. პოლიტიკური კრიზისის დასრულება ნიშნავს, რომ ქართველი ლიდერები შეძლებენ, სრული ყურადღება დაუთმონ „კოვიდსა“ და მის სოციო-ეკონომიკურ შედეგებს, წინ წაიწიონ ევროკავშირის დღის წესრიგში და დაიცვან საქართველოს უსაფრთხოების ინტერესები რეგიონში. ეს არის რეალური გამოწვევები, რომლის წინაშეც არის ეს ქვეყანა. გარკვეული მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული პრეზიდენტ მიშელის ექვსპუნქტიანი გეგმის რამდენიმე ასპექტთან დაკავშირებით, ეს მისასალმებელია. თუმცა, სხვა საკითხებში ნაკლები პროგრესი იყო“, – განაცხადა დანიელსონმა.
მისივე განმარტებით, საქართველოს დილით დატოვებს და ბრიუსელში დაბრუნდება.
„მე გავემგზავრები ბრიუსელში და მოვახსენებ ამაზე პრეზიდენტ მიშელს. საბოლოო ჯამში, პოლიტიკურ კრიზისში გამოსავლის პოვნასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს ეკისრებათ, ეს აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისა და მისი ევროპული მისწრაფებისთვის. ვიმედოვნებ, რომ პარტიები ახლა სერიოზულად დაფიქრდებიან ამ ვითარებაზე და გასავლელ გზაზე, ექნებათ კომპრომისის აუცილებელი სურვილი, რომელიც მედიაციის წარმატებული შედეგის შესაძლებლობას იძლევა. მე მჯერა, რომ ეს არის ის, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს“, – განაცხადა დანიელსონმა.