უახლოეს 12 თვეში კრიპტოვალუტით ვაჭრობას ყოველი მეხუთე ფინანსური ინსტიტუტი გეგმავს, – ამის შესახებ კვლევის შედეგების გათვალისწინებით, მედია-პლატფორმა Thomson Reuters Corp TRI.O აცხადებს.
Thomson Reuters Corp TRI.O ფინანსური ინდუსტრიის პროფესიონალებზე ორიენტირებული მულტიმედიური პლატფორმაა, რომელიც საკუთარ კლიენტებს ბიზნესთან დაკავშირებით ანალიტიკურ პროდუქტებს სთავაზობს.
კვლევის ფარგლებში Thomson Reuters Corp TRI.O პლატფორმის 400 კლიენტი გამოკითხა, მათ შორის აქტივების მენეჯერები, საინვესტიციო ფონდები და მსხვილი ბანკების სავაჭრო განყოფილებები. გაირკვა, რომ გამოკითხულთა უმეტესობა კრიპტოვალუტით ვაჭრობისთვის მზადაა. მათი 70 პროცენტი ვაჭრობის დაწყებას მომავალ სამ ან მაქსიმუმ ექვს თვეში აპირებს.
კრიპტოვალუტით, იგივე ციფრული ვალუტით ვაჭრობის მიმართ ინტერესი გასულ წელს კრიპტოვალუტის, განსაკუთრებით ბიტკოინის ფასის სწრაფად ზრდის შემდეგ გააქტიურდა. მიუხედავად მაღალი რისკის და მოსალოდნელი რეგულაციების შესახებ გაფრთხილებებისა, ფინანსური ინსტიტუტების ინტერესი ამ მიმართულებით გაიზარდა. ბანკებმა ციფრული ვალუტის მიმართ კლიენტთა ინტერესის კვლევა დაიწყეს, ხოლო საინვესტიციო ფონდებმა ვირტუალური ვალუტით ვაჭრობა სცადეს.
მიმდინარე წელს კრიტპოვალუტა მკვეთრად გაუფასურდა, რამაც კრიტიკული შეფასებები გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, რომ ციფრული ვალუტა მხოლოდ სპეკულაციაა და იმჯობესია, ამ ინსტრუმენტისგან ინვესტორებმა თავი შეიკავონ.