კრეტაზე სამგზავრო თვითმფრინავი ბომბის შესახებ ინფორმაციის გამო ავარიულად დაეშვა
კუნძულ კრეტაზე სამგზავრო თვითმფრინავი ბომბის შესახებ ინფორმაციის გამო ავარიულად დაეშვა. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.
ავიაკომპანია Condor Airlines-ის თვითმფრინავი ჰურგადიდან დუსელდორფში მიფრინავდა. ბორტზე 281 მგზავრი იმყოფებოდა. რეისის შესრულების დროს, თვითმფრინავის პილოტი საბერძნეთის სადისპეტჩერო სამსახურს დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ლაინერის ბორტზე შესაძლოა, ბომბი ყოფილიყო.
როგორც აღმოჩნდა, თვითმფრინავში ბომბის არსებობის შესახებ წერილი ერთ-ერთმა მგზავრმა საპირფარეშოში აღმოაჩინა.
თვითმფრინავი კრეტას აეროპორტამდე ორმა ბერძნულმა გამანადგურებელმა გააცილა.
აეროპორტის იზოლირებულ ადგილზე დაშვების შემდეგ, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა, რის შემდეგაც თვითმფრინავი სპეციალისტებმა შეამოწმეს, თუმცა ვერაფერი აღმოაჩინეს.
მგზავრებს ღამის გატარება აეროპორტის ტერმინალში მოუწიათ.