ყირიმის პლატფორმის სამიტს კრემლში „ანტირუსული და უკიდურესად არამეგობრული ღონისძიება“ უწოდეს
კრემლში ყირიმის პლატფორმის სამიტს ანტირუსული და უკიდურესად არამეგობრული ღონისძიება უწოდეს.
როგორც სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენ აღნიშნული ღონისძიება მიგვაჩნია როგორც ჩვენი ქვეყნისადმი უკიდურესად არამეგობრული, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია მსგვასი განცხადებები რუსული რეგიონის, ყირიმის მიმართ. ამ მხრივ, ჩვენი დამოკიდებულება აბსოლუტურად ცალსახაა, როგორც ანტირუსული ღონისძიებისადმი“, – განუცხადა პესკოვმა მედიას.
კიევში გამართული ყირიმის პლატფორმის სამიტში მონაწილეობდა 46 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის დელეგაცია, მათ შორის საქართველოდან. სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში მონაწილეები უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებენ და ყირიმის ნახევარკუნძულის დროებითი ოკუპაციის დასასრულებლად რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის შენარჩუნების მზადყოფნას გამოთქვამენ.
მონაწილეები მიესალმებიან ერთობლივ დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ. სამიტის მონაწილეები ასევე მზადყოფნას გამოთქვამენ, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი პოლიტიკური, დიპლომატიური და შემზღუდავი ზომების მიღება განიხილონ.