კრემლში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გამოჯანმრთელება უსურვეს. როგორც „რია ნოვოსტი“ წერს, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„მედია ბევრ ინფორმაციას აქვეყნებს ამ საკითხზე და ჩვენ ვკითხულობთ ამ ინფორმაციას. ვიცით, რომ ის მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ექიმები ახლა ყველაფერს აკეთებენ, რაც საჭიროა. კერძოდ, ომსკში ჩართულები არიან საუკეთესო ექიმები. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, ასევე მედიიდან, ისინი ტელემედიცინის ყველა მეთოდებს იყენებენ და მოსკოვში სპეციალისტებთან კონსილიუმებს ატარებენ“, – განაცხადა პესკოვმა.
„რა თქმა უნდა, როგორც ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ჩვენ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – აღნიშნა პესკოვმა.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა. ნავალნის გუნდში აცხადებენ, რომ პოლიტიკოსი მოწამლეს.