კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთში დაკავებული „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ჟურნალისტის შესაძლო გაცვლასთან დაკავშირებით აშშ-სა და რუსეთს შორის კონტაქტები მიმდინარეობს
კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთში დაკავებული „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის შესაძლო გაცვლასთან დაკავშირებით აშშ-სა და რუსეთს შორის კონტაქტები მიმდინარეობს, თუმცა ეს კონტაქტები სრულ საინფორმაციო სიჩუმეში უნდა გაგრძელდეს.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა მედიას განუცხადა.
„მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ცოტა ხნის წინ გამართული პრეზიდენტის საუბარი სანკტ-პეტერბურგში საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებთან. მან დაადასტურა, რომ ასეთი კონტაქტები არის, თუმცა ისინი იმართება და მომავალშიც უნდა გაიმართოს სრულ საინფორმაციო სიჩუმეში. ამიტომ არანაირი ანონსები, განცხადებები, არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ვერ იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
32 წლის გერშკოვიჩი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა 2023 წლის 29 მარტს ეკატერინბურგში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გერშკოვიჩი ბრალდებას უარყოფს.