კრემლში აცხადებენ, რომ რომის პაპის მოწოდება მოლაპარაკებისკენ გასაგებია და რუსეთი მზად იყო, თუმცა კიევმა ეს იდეა უარყო
კრემლში აცხადებენ, რომ რომის პაპის მოწოდება მოლაპარაკებისკენ გასაგებია და რუსეთი მზად იყო, თუმცა კიევმა ეს იდეა უარყო

კრემლში აცხადებენ, რომ რომის პაპის მოწოდება მოლაპარაკებისკენ გასაგებია და რუსეთი მზად იყო ამისთვის, თუმცა კიევმა ეს იდეა უარყო იმის იმდედად, რომ დასავლეთის დახმარებით რუსეთის დამარცხება შეიძლებოდა.

„სამწუხაროდ, როგორც პაპის, ასევე სხვა მხარეების, მათ შორის, ჩვენს განმეორებით განცხადებებზე მოლაპარაკებების შესახებ, ბოლო პერიოდში აბსოლუტურად მკაცრი უარი იყო კიევიდან“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვის თქმით, ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენებიც კარგად აჩვენებს, რამდენად შესაძლებელია რუსეთის სტრატეგიული დამარცხება.

რომის პაპის ინტერვიუ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. აღნიშნულ ინტერვიუში ჟურნალისტი პაპს ეკითხება: „უკრაინაში არიან ისეთებიც, რომლებიც გამბედავად დანებებისკენ მოუწოდებენ, „თეთრი დროშის“ აღმართვისკენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ძლიერის ლეგიტიმაციას ახდენს, თქვენ რას ფიქრობთ?“ ამ შეკითხვაზე რომის პაპის პასუხი ასეთი იყო: „მე ვფიქრობ, რომ ძლიერი ისაა, ვინც აფასებს სიტუაციას, ვინც ფიქრობს ხალხზე, ვისაც აქვს „თეთრი დროშის“ აღმართვის გამბედაობა, რომ აწარმოოს მოლაპარაკებები. დღეს ასეთი მოლაპარაკებების წარმოება შესაძლებელია საერთაშორისო ძალებით. სიტყვა მოლაპარაკებები გამბედავი სიტყვაა, როცა ხედავ, რომ დამარცხებული ხარ, რომ საქმე კარგად არ მიდის, შეგიძლია გქონდეს გამბედაობა და აწარმოო მოლაპარაკებები“.