დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კოსოვომ თავი უნდა აარიდოს ნაბიჯებს, რომლებიც შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს
კრემლში აცხადებენ, რომ კოსოვომ თავი უნდა აარიდოს ნაბიჯებს, რომლებიც შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
მისი თქმით, კრემლი სრულად უჭერს მხარს კოსოვოში მცხოვრებ სერბებს, რომლებიც კოსოვოს ხელმძღვანელობის მიერ გადაადგილების ახალი წესების შემოღებას აპროტესტებენ.
პესკოვის თქმით, სიტუაციის ესკალაციის თავიდან არიდება კოსოვოში მოხერხდა, მაგრამ „ეს სიტუაცია მხოლოდ ერთი თვით გადაიდო“.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ბელგრადის მიერ დაკავებულ მშვიდობისმოყვარე და კონსტრუქციულ პოზიციას. ქვეყნებმა, რომლებმაც აღიარეს კოსოვო და არიან გარანტორები, უნდა მოახდინონ ზეგავლენა კოსოვოზე, რათა მათ არ მიიღონ გაუაზრებელი ნაბიჯები, რასაც შეუძლია სიტუაციის შემდგომი ესკალაცია. ცხადია ვითხოვთ, რომ სერბების ყველა უფლება დაცული იყოს“, – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ 31 ივლისს ღამით კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში სერბებმა ბარიკადების აგება დაიწყეს, რითაც ისინი აპროტესტებდნენ კოსოვოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, რომელიც სერბებს ახალი საიდენტიფიკაციო ბარათების აღებას და სატრანსპორტო საშუალებების ხელახლა რეგისტრაციას ავალდებულებს. კერძოდ კი, სერბეთის მოქალაქეებს, რომელთაც კოსოვოში შესვლა სურთ ახალი სპეციალური დეკლარაციის შევსება მოუწევთ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კოსოვოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილების ამოქმედება ერთი თვით გადადო.