კრემლის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტის განცხადება, რომ ნატო-მ რუსეთზე პრევენციული დარტყმა უნდა მიიტანოს, მესამე მსოფლიო ომის დაწყებისკენ მოწოდებაა
კრემლის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტის განცხადება, რომ ნატო-მ რუსეთზე პრევენციული დარტყმა უნდა მიიტანოს, მესამე მსოფლიო ომის დაწყებისკენ მოწოდებაა. ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
მისი თქმით, ამ განცხადებას აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის ქვეყნებმა განსაკუთრებით უნდა მიაქციონ ყურადღება.
„ეს არის მოწოდება მესამე მსოფლიო ომის დაწყებისკენ, არაპროგნოზირებადი და საშინელი შედეგებით”,-განაცხადა პესკოვმა.
ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევიც. მისი თქმით, ზელენსკი „ფსიქიატრს უნდა ეჩვენოს, ვიდრე საკუთარი ხალხისთვის და ყველა დანარჩენისთვის უფრო მეტი ზიანი არ მიუყენებია”.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრალიურ უნივერსიტეტში შეკრებილ საზოგადოებასთან ჩართვის დროს განაცხადა, რომ „ნატო-მ პრევენციული დარტყმა უნდა განახორციელოს რუსეთზე, თუ მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენებას შეეცდება“.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განმარტეს, რომ ზელენსკის რუსეთზე ბირთვული პრევენციული დარტყმის მიტანისკენ არ მოუწოდებია.