კრემლის ინფორმაციით, პუტინმა და ერდოღანმა სირიის სამშვიდობო პროცესი, სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის ნორმალიზება და უკრაინის კრიზისი განიხილეს
კრემლის ინფორმაციით, პუტინმა და ერდოღანმა სირიის სამშვიდობო პროცესი, სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის ნორმალიზება და უკრაინის კრიზისი განიხილეს

ყაზანში, „ბრიქსის“ სამიტის ფარგლებში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრის დაწყებისას ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთში ავიაკოსმოსურ საწარმოზე განხორციელებული ტერაქტის გამო მიუსამძიმრა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, მოხარულია, რომ თურქეთის ლიდერმა „ბრიქსის“ სამიტზე მიწვევა მიიღო.

„ვიცი, რომ თურქეთში დაინტერესებული არიან გაერთიანებასთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებით და ვხედავთ ამის მნიშვნელოვან პერსპექტივებს, თქვენი ქვეყნის განსაკუთრებული გეოპოლიტიკური როლისა და ავტორიტეტის გათვალისწინებით, რომელიც ევრაზიის კონტინენტის აღმოსავლეთსა და დასავლეთს აკავშირებს“, – მიმართა პუტინმა ერდოღანს.

მისი თქმით, რუსულ-თურქული ურთიერთობები ატარებს კეთილმეზობლურ, კონსტრუქციულ ხასიათს და ეფუძნება სხვადასხვა სფეროში პარტნიორული თანამშრომლობის მრავალწლიან გამოცდილებას.

პუტინმა თურქეთთან ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქეთში გაზის საერთაშორისო ჰაბის შექმნის რუსულ-თურქული ინიციატივის განხორციელებისთვის მზადება გრძელდება. პუტინის თქმით, ეს ინიციატივა გააძლიერებს რეგიონულ ენერგოუსაფრთხოებას.

როგორც პუტინმა შეხვედრის დაწყებისას თქვა, თურქ კოლეგასთან რეგიონული საკითხების განხილვას გეგმავდა, მათ შორის სირიის სამშვიდობო პროცესს და სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის ნორმალიზებასა და უკრაინის კრიზისს.

თავის მხრივ, კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღანმა პუტინი თურქეთში მიიწვია.

„გასულ კვირას თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრი სტამბოლში იმყოფებოდა „3+3“-ის რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის ფარგლებში. უახლოეს მომავალში ვისურვებდით, გიხილოთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ერდოღანმა.