კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს მოლაპარაკებებისთვის უახლოეს მომავალში შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
ამასთან, როგორც ანკარაში აღნიშნავენ, თურქული მხარე ეცდება, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებაში“ დააბრუნოს.
კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, არსებობს შეთანხმება იმის შესახებ, რომ შეხვედრა მალე გაიმართება.
„ჩვენ, როგორც წესი, სინქრონიზებულად ვაცხადებთ მსგავსი ვიზიტების შესახებ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან. ჩვენ მალე განვაცხადებთ, როდის და სად გაიმართება შეხვედრა. შეხვედრა მზადდება და მზადდება ძალიან საფუძვლიანად“, – აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ, მანამდე რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი რუსეთში ვიზიტს გეგმავდა, თუმცა დეტალები დაკონკრეტებული არ ყოფილა.