კრემლის ცნობით, პუტინმა შოლცთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინასთან შესაძლო შეთანხმებები უნდა ითვალისწინებდეს რუსეთის ინტერესებს და ეფუძნებოდეს ახალ ტერიტორიულ რეალობას
კრემლის ცნობით, პუტინმა შოლცთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინასთან შესაძლო შეთანხმებები უნდა ითვალისწინებდეს რუსეთის ინტერესებს და ეფუძნებოდეს ახალ ტერიტორიულ რეალობას

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შორის 2022 წლის დეკემბრის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი გერმანული მხარის ინიციატივით შედგა. ამის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

კრემლის ცნობით, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე სიტუაციას.

„ვლადიმერ პუტინმა გაიხსენა, რომ მიმდინარე კრიზისი არის ნატო-ს მრავალწლიანი აგრესიული პოლიტიკის პირდაპირი შედეგი, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ტერიტორიაზე ანტირუსული პლაცდარმის შექმნას, ხოლო უსაფრთხოების სფეროში – ჩვენი ქვეყნის ინტერესების იგნორირებას და ლახავს რუსულენოვანი მცხოვრებლების უფლებებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, რაც შეეხება მიმდინარე ომის დიპლომატიური და პოლიტიკური გზებით მოგვარებას, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსულ მხარეს არასოდეს უთქვამს უარი და ღიაა, განაახლოს კიევის რეჟიმის მიერ შეწყვეტილი მოლაპარაკებები.

„შესაძლო შეთანხმებები უნდა ითვალისწინებდეს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს უსაფრთხოების სფეროში, ეფუძნებოდეს ახალ ტერიტორიულ რეალობას და, რაც მთავარია, აღმოფხვრას კონფლიქტის ძირითადი მიზეზები“, – წერია განცხადებაში.

საუბარი ასევე შეეხო გერმანიისა და რუსეთის ურთიერთობას. პუტინის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დეგრადირებულია, რაც გერმანიის ხელისუფლების არამეგობრული კურსის შედეგია. რუსეთის ლიდერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ზედმიწევნით ასრულებდნენ ენერგეტიკულ სექტორში ხელშეკრულების ვალდებულებებს და მზად არიან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის, თუ გერმანული მხარე ამით დაინტერესდება.

ამასთან, კრემლის ინფორმაციით, ლიდერებმა ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დღეს გაიმართა. როგორც გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოავლინოს.