კრემლი ვლადიმერ პუტინსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
კრემლი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
კრემლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ახლო აღმოსავლეთში მწვავე კრიზისი განიხილეს.
მათივე ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ღრმა შეშფოთება გამოთქვეს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობისა და ღაზაში ჰუმანიტარული ვითარების კატასტროფულად გაუარესების გამო. კრემლის ინფორმაციით, ერდოღანმა და პუტინმა ხაზგასმით აღინიშნეს, რომ საცხოვრებელ უბნებსა და რელიგიურ დაწესებულებებზე დარტყმა მიუღებელია.
ამასთან, კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „პრეზიდენტებმა განიხილეს რუსეთის მიერ გაერო-ს უშიშროების საბჭოში გატარებული ძალისხმევა, ისევე როგორც თურქეთის მიერ გადადგმული პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯები ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველსაყოფად“.
როგორც კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთსა და თურქეთს აქვთ, პრაქტიკულად, ერთნაირი პოზიციები, რომლებიც ითვალისწინებს დამოუკიდებელი პალესტინის შექმნას, ისრაელთან მშვიდობისა და უსაფრთხოების პირობებში.