კრემლი - ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში სპეცოპერაციის ამოცანები ნებისმიერ შემთხვევაში შესრულდება
კიევის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების კონტექსტში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს დეტალურად განუცხადა მოსკოვის ფუნდამენტური მიდგომები და პირობები.
ამის შესახებ ინფორმაციას „კრემლი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, პუტინმა დაადასტურა, რომ უპირველეს ყოვლისა, საუბარია უკრაინის დემილიტარიზაციაზე და ნეიტრალურ სტატუსზე, რათა უკრაინის ტერიტორიიდან არასოდეს მომდინარეობდეს საფრთხე რუსეთის ფედერაციისთვის.
„ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სპეცოპერაციის ამოცანები ნებისმიერ შემთხვევაში შესრულდება და მოლაპარაკებების გაჭიანურებით დროის მოგების მცდელობა, მოსკოვის მხრიდან კიევის მიმართ მხოლოდ დამატებითი მოთხოვნების გაჩენას გამოიწვევს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.