კრემლი - ვლადიმერ პუტინმა აშშ-სთან ურთიერთობების სრულად გაწყვეტა არ გამორიცხა
ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენთან საუბარში მიანიშნა, რომ თუ ვაშინგტონი მოსკოვის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს, კრემლი აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობების სრულად გაწყვეტას არ გამორიცხავს, – ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა გააკეთა.
მისი თქმით, ეს იყო პასუხი აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომელმაც პუტინს უთხრა, რომ უკრაინის საზღვრებთან ესკალაციის შემთხვევაში ვაშინგტონი მასშტაბური სანქციების დაწესებას აპირებს.
„ამ განცხადებაზე პუტინის რეაქცია იყო განცხადება, რომ ასეთ შემთხვევაში შეიძლება რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა სრულად გაწყდეს. ზოგადად დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებს სერიოზული ზიანი მიადგება“, – განაცხდა უშაკოვმა.
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი 30 დეკემბერს შედგა. ლიდერებმა უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების მობილიზაციის საკითხი განიხილეს.