დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ჯერ დადგენილი არ არის, სად გადის ხერსონის, ზაპოროჟიეს საზღვრები და საკითხზე მოსახლეობასთან კონსულტაციებს განაგრძობენ
კრემლში აცხადებენ, რომ ჯერ დადგენილი არ არის, სად გადის ხერსონისა და ზაპოროჟიეს საზღვრები.
რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ საკითხზე მოსახლეობასთან კონსულტაციებს განაგრძობენ.
„ნაწილობრივ ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება გვაქვს, მე გეტყვით იურიდიულ ენაზე, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკა – 2014 წლის საზღვრებში. ხერსონი და ზაპოროჟიეს საზღვრებთან დაკავშირებით ამ ოლქების მოსახლეობასთან კონსულტაციებს ვაგრძელებთ“, – განაცხადა პესკოვმა.
კითხვაზე, ვის ეკუთვნის ტერიტორიები, რომლებიც რუსეთის მიერ ანექსირებულ ოლქებში მდებარეობს და რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებს, პესკოვმა ცალსახა პასუხი არ გასცა.
„რომელი ტერიტორიები? ამ საკითხზე მეტი არაფერი მაქვს დასამატებელი“, – განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, ხერსონისა და ზაპოროჟიეს საზღვრების დასადგენად რეფერენდუმების ხელახლა ჩატარება ჯერ არ იგეგმება.
პესკოვს ასევე ჰკითხეს, დადგინდება თუ არა რუსეთის მიერ ანექსირებული უკრაინის ოლქების საზღვრები იმ დროისთვის, როდესაც ამ ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შეყვანის შესახებ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოაწერს ხელს, პესკოვმა უპასუხა, რომ „დიდი ალბათობით, ფორმულირება უცვლელი დარჩება“.