კოვიდ-19-თან ბრძოლის სამხრეთ კორეული მოდელი
კოვიდ-19-თან ბრძოლის სამხრეთ კორეული მოდელი

ჩინეთისგან განსხვავებით, სამხრეთ კორეამ უარი თქვა იმ ქალაქების დახურვაზე, სადაც კოვიდ-19-ი გავრცელდა. ამის ნაცვლად სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ დანერგა მოდელი, სადაც ინფორმაცია მაქსიმალურად ღიაა, ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში მაქსიმალურად არის ჩართული საზოგადოება და ყველაზე მნიშვნელოვანი მასობრივი ტესტირება.

სამხრეთ კორეაში ყოველდღიურად კორონავირუსის ტესტს 20 000 ადამიანს უტარებენ. ამისთვის ქვეყენაში გახსნილია საველე ლაბორატორიები, სადაც სპეციალისტების 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ეს საჭიროა, რათა ტესტის შედეგები სწრაფად იყოს ცნობილი. სულ ტესტი 200 000 ადამიანს ჩაუტარეს. ვირუსთან საბრძოლველად სამხრეთ კორეაში სახელმწიფო და კერძო ლაბორატორიების 96 ქსელია გახსნილი.

სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი ლაბორატორიების არსებობით უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი. კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი სამხრეთ კორეაში 0,7%-ია, ეს მაშინ, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის სიკვდილიანობის გლობალურ მაჩვენებლად 3,4%-ს ასახელებს.

სწრაფი ტესტი მოქალაქეებს ე.წ. უარყოფითი წნევის ოთახში უტარდებათ. „ამის წყალობით ნიმუშებიდან წვეთების გაჟონვა არ ხდება“,- აცხადებენ ლაბორატორიის თანამშრომლები. აქ კორონავირუსის ტესტს პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით ატარებენ. მარტივად რომ ვთქვათ, ამ ტესტის საშუალებით ნიმუშებში კოვიდ-19-ის აღმოჩენა ხდება. პროცესის ხანგრძლივობა სულ 5-6 საათია.სამხრეთ კორეელი მეცნიერები ამ მეთოდს „ბალი ბალის“ ეძახიან. ბალი კორეულ ენაზე სწრაფს ნიშნავს. სამხრეთ კორეამ ამ ტესტის შექმნა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ლაბორატორიების მოწყობა სულ 17 დღეში მოახერხა. საველე ლაბორატორიების სისტემა იმგვარად მუშაობს, რომ მათი ერთი ქალაქიდან მეორეში გადატანა იოლია. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კონკრეტულ ქალაქში კორონავირუსის ბევრი შემთხვევა გამოვლინდება.

სამხრეთ კორეაში ამბობენ, რომ ასე სწრაფად მოქმედება, მათ წარსულმა გამოცდილებამ აიძულა. 2015 წელს სამხრეთ კორეაში ვირუს „მერსის“ გავრცელების დროს 36 ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ ქვეყანამ ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის სტრატეგიას გადახედა. სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრში სპეციალური დეპარტამენტიც არსებობს, რომელიც მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარისთვის არის მზად.

სამხრეთ კორეელი მეცნიერები ამბობენ, რომ ინფიცირებულების გამოვლენა და შემდეგ იზოლაცია ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას ამცირებს და ინფექციის გავრცელებას უშლის ხელს. ამჟამად სამხრეთ კორეაში კორონავირუსის სწრაფ ტესტს ოთხი კომპანია აწარმოებს. ქვეყანას აქვს შესაძლებლობა კვირაში 140 000 ტესტი ჩაატაროს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამხრეთ კორეაში ინფიცირებულების უმეტესობა საავადმყოფოში არ გადაჰყვათ. კლინიკაში მხოლოდ ისინი ხვდებიან, ვინც ვირუსის გამო მძიმე მდგომარეობაშია. მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები კი იზოლირებულად, მაგრამ ბინებში რჩებიან, სადაც მათ სპეციალისტები მეთვალყურეობენ.

პრევენციული ზომები სამხრეთ კორეაში არ ითვალისწინებს ქალაქების ბლოკირებას, დახურვას ან გადაადგილების შეზღუდვას. თუმცა, რა თქმა უნდა, სკოლები დახურულია, ოფისების თანამშრომლებს  დისტანციურად მუშაობის რეკომენდაციას აძლევენ. მასობრივი შეკრებები აკრძალულია, გადაიდო კონცერტები. თუმცა, ყველა ეს ზომა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით ხდება. მოქალაქეების უმეტესობა ნიღაბს ატარებს. შენობების დიდი ნაწილის შესასვლელში თერმული კამერები დგას, რომელიც მოქალაქეების ტემპერატურას აკონტროლებს. ლიფტებში არის სადეზინფექციო ხსნარები. მეტროებში კი არიან ადამიანები, რომლებიც მუდამ ახსენებენ მოქალაქეებს ხელების დაბანის აუცილებლობას.

სადავოდ რჩება სამხრეთ კორეის მიერ დანერგილი მეთვალყურეობის სისტემა. ამასთან ერთად, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ყველა მოქალაქის გადაადგილებას, GPS-ით, სათვალთვალო კამერებით და სხვა ხერხებით ადევნებენ თვალს და ასევე ტესტს უტარებენ. მონიტორინგი 14 დღე გრძელდება. ამ ადამიანის გადაადგილების ნახვა სხვა მოქალაქეებსაც შეუძლიათ რუკაზე, სადაც მონიტორინგის ქვეშ მყოფი პირის ვინაობა არ არის გამხელილი, თუმცა სხვებს, სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ, მას თავი აარიდონ.

მთავრობამ ასევე დანერგა მოკლე ტექსტური შეტყობინების სისტემა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს ატყობინებს, თუ მათ სიახლოვეს ინფექციის გავრცელების კერა გაჩნდა.

მომზადებულია „ბიბისის“, „ფრანს 24“-ისა და სიენენის მიხედვით.