„კოვიდ-19“-ის შემთხვევების ბინაზე მართვისა და ამ პროცესის ხარისხის კონტროლის მიზნით, ცენტრალური ონლაინკლინიკა ამოქმედდება
„კოვიდ-19“-ის შემთხვევების ბინაზე მართვისა და ამ პროცესის ხარისხის კონტროლის მიზნით, ცენტრალური ონლაინკლინიკა ამოქმედდება

ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე ცენტრალური ონლაინკლინიკა ამოქმედდება, რომელიც „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მართვასა და მეთვალყურეობას, ასევე პროცესის მონიტორინგისა და მართვის ხარისხის კონტროლს განახორციელებს.

აღნიშნულს „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს.

მთავრობის 27 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, „კოვიდ-19“-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების პრევენციისა და საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვისა და მართვის ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით: სამინისტროს ბაზაზე ამოქმედდეს ცენტრალური ონლაინკლინიკა, რომელიც განახორციელებს ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) შემთხვევების მართვასა და მეთვალყურეობას, ასევე პროცესის მონიტორინგისა და მართვის ხარისხის კონტროლის განხორციელებას. ამასთან, ცენტრალური ონლაინკლინიკა სამუშაო პროცესში ადმინისტრაციული, სააღრიცხვო, ოპერაციული მხარდაჭერისა და მათი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა შესაფერისი დავალებების შესასრულებლად, დაკომპლექტდეს ოჯახის ექიმებისგან, უმცროსი ექიმების/უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსების სტუდენტებისა და სხვა პერსონალისაგან, შესაბამისი ტრენინგების უზრუნველყოფის შემდეგ.

იმავე დადგენილებით, „კოვიდ-19“-ის მართვაში სადაზღვევო კომპანიების მონაწილეობა განისაზღვრა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „სადაზღვევო კომპანიებმა უზრუნველყონ კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული და საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისთვის „კოვიდ-19“-ის საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების მართვა, მეთვალყურეობა და სატელეფონო კონსულტაცია ოჯახის ექიმების/პედიატრების/შინაგანი მედიცინის სპეციალისტების მეშვეობით.“

დოკუმენტის თანახმად, „სადაზღვევო კომპანიებმა მოახდინონ დაზღვეული პირების ინფორმირება „კოვიდ-19“-ის საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების მართვისა და მეთვალყურეობის პროცესში ჩართული სამედიცინო პერსონალის საკონტაქტო ინფორმაციის თუ სხვა ორგანიზაციული საკითხების შესახებ“.

სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტის დევი ხეჩინაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და ყველა სადაზღვევო კომპანია აღნიშნულ პროექტში ორშაბათიდან ჩაერთვება. ხეჩინაშვილის განმარტებით, ეს დაზღვეულებს საშუალებას მისცემს, წინასწარ გაიგონ, რომელი ექიმი გაუწევთ კონსულტაციას „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ საკითხებში.