„კოვიდ-19“-ის პანდემიასთან დაკავშირებულ თაღლითობის საქმეზე ევროკავშირის პოლიციამ მასობრივი რეიდისას 600 მილიონი ევროს ძვირფასი ნივთები და ავტომობილები ამოიღო
„კოვიდ-19“-ის პანდემიასთან დაკავშირებულ თაღლითობის საქმეზე ევროკავშირის პოლიციამ მასობრივი რეიდის დროს 600 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასი ნივთები და ავტომობილები ამოიღო.
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, პოლიციამ 20-ზე მეტი ეჭვმიტანილი დააკავა იტალიაში, ავსტრიაში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. გამოძიება დაკავშირებულია ევროკავშირის პოსტპანდემიური აღდგენის ფონდთან.
ევროკავშირის პროკურორების მოთხოვნით, თაღლითობისა და ფინანსური პოლიციის განყოფილების 150-მა ოფიცერმა დააკავა რვა ადამიანი, ხოლო 14-ს შინაპატიმრობა შეეფარდა.
პოლიციამ ასევე ჩხრეკა ჩაატარა სახლებსა და ბიზნესებში, ამოიღო და გაყინა აქტივები, მათ შორის ბინები და ვილები, კრიპტოვალუტა, „როლექსის“ საათები, ოქრო და სამკაულები, აგრეთვე „ლამბორჯინის“, „პორშეს“ და „აუდი ქიუ8“-ის მარკის ავტომობილები.
პოლიციის ინფორმაციით, საჯარო დაფინანსების სექტორში მუშაობის გამოცდლების მქონე კრიმინალური ჯგუფი დაეხმარა ფულადი სახსრების უზრუნველყოფას ათობით მილიონი ევროს ღირებულების პროექტებისთვის, რომლებიც გამიზნული იყო იტალიური კომპანიების კონკურენტუნარიანობისა და გაციფრულების გასაუმჯობესებლად. იტალიის ფინანსურმა პოლიციამ აღადგინა საეჭვო ტრანზაქციები და დაადგინა უზარმაზარი უკანონო მოგების გათეთრება, რაც განხორციელდა ფიქტიური კომპანიების რთული ქსელის მეშვეობით, რომელიც შეიქმნა იტალიაში, ავსტრიაში, სლოვაკეთსა და რუმინეთში.
როგორც მედია წერს, დაჯგუფებამ გამოიყენა ფულის გათეთრების სქემა მოწინავე ტექნოლოგიების დახმარებით, როგორებიცაა ე.წ. ქლაუდ სერვერები, კრიპტოაქტივები და ხელოვნური ინტელექტი, ყალბი დოკუმენტების შესაქმნელად.