კოტე კემულარია - გამოცხადებული პროპორციული არჩევნების პირობებში „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არეულობისკენ მიჰყავს
გამოცხადებული პროპორციული არჩევნების პირობებში „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა მიჰყავს არეულობისკენ, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენელმა, კოტე კემულარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კოტე კემულარიას თქმით, „ქართული ოცნება“ მუშაობს საბჭოთა კავშირის მეთოდებით.
„რუსთავი-2“-ზე განხორციელებული თავდასხმა საბოლოოდ გაცხადდა. დღეს ვიხილეთ შევარდნა „რუსთავი2“-ში , რომელიც სარედაქციო პოლიტიკის და საერთოდ „რუსთავი-2“ -ის ფაქტობრივი დახურვით დასრულდა.
„ქართული ოცნება“ მუშაობს საბჭოთა „კაგებეს“ ჩვეული რეჟიმით. არ არის შემთხვევითი, რომ მედია ჩაბარებული აქვს საბჭოთა „კაგებეს“ მემკვიდრეს, გამოძიება და განსხვავებული აზრის პოლიტიკოსების დევნა ჩაბარდა ასევე საბჭოთა „კაგებეს“ გენერალს. სულ რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტს და მთავარსარდალს მრჩევლად უსაფრთხოების დარგში დაუნიშნეს საბჭოთა „კაგებეს“ მაღალჩინოსანი. დღეს საქართველოში „კაგებეს“ კადრების გამოყენება მხოლოდ ერთ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს, რომ საქართველო წაიყვანონ რუსეთისკენ და მოუსპონ მას დასავლეთში ინტეგრაციის შესაძლებლობა. ეს არ პასუხობს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს“, – განაცხადა კემულარიამ.
მისივე თქმით, მიმდინარეობს თავდასხმები მედიასა და არასამთავრობო სექტორზე.
„გამოცხადებული პროპორციული არჩევნების პირობებში „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა მიჰყავს არეულობისკენ. თავს დაესხნენ გუშინ დავით ქაცარავას, სამოქალაქო აქტივისტს. უპრეცედენტო თავდასხმები ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციებზე, თავისუფალ მედიაზე. ჩვენ ვნახეთ ბიზნესზე განხორციელებული შეტევები და ვნახეთ, რომ პრაქტიკულად ასევე იხურება ანაკლიაც სამწუხაროდ, რაც პირდაპირ დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან“, – განაცხადა კოტე კემულარიამ.