კოტე ჯანდიერი - როგორც ჩანს, ორპარტიული მხარდაჭერით გადავწყვიტეთ ქვეყანაში პოლარიზაციის პრობლემა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გავუყენეთ სახელმწიფო ტელევიზიის გზას
კოტე ჯანდიერი - როგორც ჩანს, ორპარტიული მხარდაჭერით გადავწყვიტეთ ქვეყანაში პოლარიზაციის პრობლემა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გავუყენეთ სახელმწიფო ტელევიზიის გზას

როგორც ჩანს, ორპარტიული მხარდაჭერით გადავწყვიტეთ ქვეყანაში პოლარიზაციის პრობლემა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გავუყენეთ სახელმწიფო ტელევიზიის გზას, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ტელეფილმების გენერალურმა პროდიუსერმა, კოტე ჯანდიერმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

„კიდევ უფრო საოცარი ის იყო, რომ როგორც გავიგეთ, თურმე ეს არის გოცირიძე-კირკიტაძის პროექტი. ეს არ მიკვირს, მათ დროს როგორც იყო, საზოგადოებრივი მაუწყებელი ერქვა, თორემ სინამდვილეში რაც იყო, ყველას გვახსოვს, თავისი სარედაქციო დამოუკიდებლობით, ფინანსური დამოუკიდებლობით და ა.შ. სხვათა შორის, ქუთაისის პარლამენტის შენობა კომპიუტერული ქსელით და, მგონი, ელექტროგაყვანილობითაც აღიჭურვა ე.წ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან აღებული თანხებით. ასეთი მანიპულაციები სულ ხდებოდა და, საბოლოო ჯამში, 2013 წლისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელს აღმოაჩნდა 30-მილიონიანი დავალიანება სახელმწიფოს წინაშე. აი, ასეთი ამბები იყო“, – განაცხადა ჯანდიერმა.

მისი თქმით, თუ დღევანდელი საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩვეულებრივ საბიუჯეტო ორგანიზაციად გადაიქცა და მას შეეხო ყველა ის რეგულაცია, რაც საბიუჯეტო ორგანიზაციას ეხება, წარმოუდგენელი გახდება იმის გაკეთება, რაც ახლა კეთდება.

„მაგალითად, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსთან ერთად გვაქვს პროექტი მოფიქრებული და ამის ერთობლივად განხორციელება იქნება ფინანსურად შეუძლებელი. იგივე ეხება სპორტს და ნებისმიერ სფეროს. ორი საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლობა და ერთობლივად რაღაც პროექტის განხორციელება იურიდიულად თითქმის შეუძლებელი იქნება და ბიუჯეტის 10%, რომელსაც კინემატოგრაფისტები ასე ელოდებიან, რისკის ქვეშ დგება“, – განაცხადა ჯანდიერმა.

მისივე თქმით, მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან ბევრჯერ ითქვა, რომ ლაპარაკია არა დაფინანსების მოცულობაზე, არამედ პრინციპზე, თუ როგორ ვაკეთებთ ამას.

„თუ ჩევნ გვინდა, გოცირიძის დროინდელ სახელმწიფო ტელევიზიის მოდელს დავუბრუნდეთ, მაშინ ეს უნდა ვთქვათ, თუ არადა, მინიმუმ, ვინც არის ინიციატორი, უნდა შეიწუხოს თავი, რაღაცნაირად დავსხდეთ და ეს ამბავი გავარკვიოთ, თორემ ასე არ გამოვა. თან ეს ცუდი ამბავი ძალიან ცუდ დროს ხდება. ჩვენ, ყველა ველოდებით 15 დეკემბერს და მე არ ვიცი, ეს რა რეზონანსს გამოიწვევს“, – განაცხადა ჯანდიერმა.

ამასთან, კოტე ჯანდიერმა აღნიშნა, რომ იმ რეალობაში, როდესაც მედია გაუთავებელ პოლემიკაზეა გადასული და საზოგადოებას სულიერი საზრდო არ მიეწოდება, აუცილებელია, ეს საზრდო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიაწოდოს.

„შეიძლება, ამას რეიტინგი არ ჰქონდეს, მაგრამ ვისაც ეს სჭირდება, ის არის ამ ქვეყნის მარილი და ვიღაცამ ამაზე უნდა იზრუნოს. კაცობრიობამ ამიტომ მოიგონა საზოგადოებრივი მაუწყებელი. იმიტომ, რომ საზოგადოება აფინანსებს ამას. რომელიმე პარტია კი არ აფინანსებს ან მთავრობის რომელიღაც შემადგენლობის და რომელიღაც უწყების დაქვემდებარების ქვეშ კი არ ხდება, არამედ საზოგადოება დგამს ამ ნაბიჯს, რომ თავისი ეს სულიერი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს. ამას უნდა აკეთებდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ამას ვცდილობთ, რომ ეს გავაკეთოთ. ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება, რა თქმა უნდა, ამას ხელს შეუშლის და ამით ვინ მოიგებს, არ ვიცი. კირკიტაძემ, შეიძლება, მოიგოს“, – განაცხადა კოტე ჯანდიერმა.