კოტე ჯანდიერი - საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პირველი არხი იწყებს მუშაობას დოკუმენტურ სერიალზე, რომელიც მეფე ერეკლეს მიეძღვნება
ერეკლე მეორე არის ერთ-ერთი ბაგრატოვანი გვირგვინოსანი მეფე, რომელსაც ბედმა ძალიან რთული გამოცდები მოუვლინა, ცოტა არის ამ ჩვენს გვირგვინოსან მეფეებში ადამიანი, რომელსაც ასეთი დრამატული არჩევანი დაუყენა განგებამ და ისტორიამ, – ამის შესახებ მწერალმა, კოტე ჯანდიერმა განაცხადა.
„მეფე ერეკლეს შესახებ ტელეფილმების გაერთიანებაში დაწყებულია მუშაობა ექვსსერიან დოკუმენტურ სერიალზე. ამ პროექტის იდეის ავტორი და სულის ჩამდგმელი არის ვასილ მაღლაფერიძე. სცენარის პირველი ვარიანტი უკვე დაწერილია ჩვენი სახელოვანი და ძალიან ნიჭიერი მწერლის, აკა მორჩილაძის მიერ და გაისად ამ დროს ჩვენ ვგეგმავთ, რომ ქართველ ტელემაყურებელს შევთავაზოთ პრემიერა. ამ ფილმში იქნება არა მარტო მისი ბიოგრაფია, არამედ იქნება დახატული ის ძალიან რთული გეოპოლიტიკური სურათი, რომელიც მაშინ საქართველოს გარშემო დალაგდა“, – განაცხადა კოტე ჯანდიერმა.
დღეს მეფე ერეკლე მეორის 300 წლის იუბილე აღინიშნება. ერეკლე ბატონიშვილი 1720 წლის 7 ნოემბერს თელავში, „კახთ მეფეთა სასახლეში” დაიბადა. ერეკლე ბატონიშვილი თეიმურაზ მეორისა და თამარის უფროსი შვილი და ერთადერთი ვაჟი იყო.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პირველი არხი იწყებს მუშაობას დოკუმენტურ სერიალზე, რომელიც მეფე ერეკლეს მიეძღვნება. სურათი ექვს სერიად იქნება წარმოდგენილი. დოკუმენტური სერიალის იდეის ავტორი ვასილ მაღლაფერიძეა, ხოლო სცენარის ავტორი აკა მორჩილაძე. სერიალი მეფე ერეკლეს ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობს.