კოტე ჯანდიერი - დასავლური და აღმოსავლური კულტურული სივრცის ჰარმონიზაცია არის დათო მაღრაძის პოეზიის ერთ-ერთ მთავარი თემა, რაც ევროპელ მკითხველში იწვევს უდიდეს ინტერესს, ქართველ ლიბერალებში კი, სიძულვილს
ქართველებს აქვთ უნიკალური ისტორიული გამოცდილება დასავლური და აღმოსავლური კულტურული სივრცის მიმართ თანაბარი გახსნილობისა და მიმღებლობის, – ამის შესახებ მწერალმა, კოტე ჯანდიერმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ვეფხისტყაოსანსაც“ რომ დავანებოთ თავი, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია უნიკალური ჰაგიოგრაფიული ტექსტის, „ბალავარიანის“ ბედ-იღბალი. ეს არის გაუტამა ბუდას ცხოვრების ქრისტიანიზებული ვარიანტი, რომელიც არაბულიდან ქართულად ითარგმნა, ხოლო მეათე საუკუნეში ექვთიმე ათონელმა ქართულიდან უკვე ბერძნულ ენაზე თარგმნა თუ ხელახლა დაწერა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ევროპამ სწორედ ექვთიმესეული ბერძნული რედაქციით გაიცნო ეს უნიკალური ლიტერატურული ძეგლი, რომელიც ბერძნულიდან ლათინურად, მოგვიანებით კი, სხვა ევროპულ ენებზეც თარგმნეს და შუა საუკუნეებში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საღვთისმეტყველო ნაწარმოებად (დღევანდელი ტერმინოლოგიით ბესტსელერად) იქცა.
სიმბოლურია, რომ სწორედ ქართული თარგმანი და ექვთიმე ათონელი გვევლინებიან აღმოსავლური და დასავლური სულიერების მაკავშირებელ რგოლად, ერთგვარ ხიდად ამ განსხვავებულ კულტურათა შორის. თანამედროვე ქართველების უმრავლესობამ არაფერი იცის ამის შესახებ, მაგრამ კოლექტიური მეხსიერების წიაღში, არაცნობიერად შენარჩუნებულია იმის გააზრება, რომ საქართველო არის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჰარმონიზაციის და არა დაპირისპირების ადგილი, ხიდი და არა უფსკრული. პატარა გადახვევას გავაკეთებ. სხვა შორის, ამ ორი მენტალური და კულტურული სივრცის ჰარმონიზაცია არის დათო მაღრაძის პოეზიის ერთ-ერთ მთავარი თემა, რაც განათლებულ ევროპელ მკითხველში იწვევს უდიდეს ინტერესს, ხოლო ქართველ ლიბერალებში – შურსა და სიძულვილს. აღსანიშნავია, რომ დათოს ლექსები ითარგმნა და გამოიცა თურქულ და არაბულ ენებზე და აღმოსავლეთის განათლებული საზოგადოებაც ისეთივე დაუფარავი ინტერესით ხვდება ამ პოეტურ ტექსტებს, როგორც იტალიელი, ესპანელი ან ამერიკელი მკითხველი.
დღეს შექმნილ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში აღნიშნული გარემოებები დამატებითი ფსიქოლოგიურად ხელშემწყობი ფაქტორია სწორედ სტრატეგიული პარტნიორობისათვის როგორც დასავლეთთან, ისე სწრაფად მზარდ ჩინურ ცივილიზაციასთანაც.
მაგრამ ჩვენთვის სასიკეთო შედეგი მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადგება – თუ სასწრაფოდ არ მოვკიდეთ ხელი განათლების სისტემის კატასტროფული მდგომარეობის გამოსწორებას და არ შევწყვიტეთ ახალგაზრდობის ინდოქტრინაცია უაზრო ლიბერალურ-ტოტალიტარული დოგმატიკითა და რეალობას აცდენილი იდეოლოგიური კლიშეებით. მეცნიერებისა და მეცნიერული აზროვნების მოსპობა აზროვნების კულტურას დაბლა სწევს“, – ამბობს მწერალი კოტე ჯანდიერი.