კოტე ჯანდიერი -  ჩინეთის ფაქტორი არათუ ხელს უშლის, პირიქით, მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას
კოტე ჯანდიერი -  ჩინეთის ფაქტორი არათუ ხელს უშლის, პირიქით, მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას

პოლიტოლოგი არა ვარ, მაგრამ მეჩვენება, რომ ოპოზიციონერების უდიდესი უმრა­ვლესობა და მედიის წარმომადგენლები ნებისმიერ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ხდომილებას, ტაქტიკურ სვლას, რომელიც არ ეხება ქართულ-დასავლურ ურთიერთობას, უაპელაციოდ აცხადებენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებად, – ამის შესახებ მწერალმა, კოტე ჯანდიერმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, „ეს მხოლოდ გულუბრყვილობითა და დაბალი კვალიფიკაციით ვერ აიხსნება. ალბათ, უფრო არაკეთილსინდისიერებასთან გვაქვს საქმე“.

„ამისი მაგალითია პრემიერ ღარიბაშვილის ახლანდელი ვიზიტი ჩინეთში და ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივა, ქართულ-ჩინური ურთიერთობის სტრატეგიული პარტნიორობის რანგში აყვანასთან დაკავშირებით. ჩვენმა „მედასავლეთე“ პოლიტიკანებმა ეს ამბავი სასწრაფოდ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებად მონათლეს. ერთმა რიტორიკული შეკითხვაც დასვა: „იცით რომელიმე ქვეყანა, რომელსაც ერთდროულად აშშ და ჩინეთი ჰყავდეს სტრატეგიულ მოკავშირედ?! ეს საგარეო კურსის ცვლილებაა!“.

ამ აღშფოთებულ პოლიტიკურ მოღვაწეს მინდა, რამდენიმე ფაქტი შევახსენო: პირველი – 2018 წელს ევროკავშირმა­ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საზეიმოდ აღნიშნეს მათ შორის ყოვლისმომცველი­ სტრატეგიული პარტნიორობის 15 წლისთავი, როდესაც ორივე მხარემ მიიღო გადაწყვეტილება ურთიერთობათა სტატუსის ამაღლების შესახებ; მეორე – სტრატეგიული პარტნიორობის­ მაგალითი იყო 2008 წელს დაწყებული ოპერაცია „ატალანტას“ (EU NAVFOღ Aტаლანტა) წარმატებით დასრულება, როდესაც სომა­ლელი მეკობრეების წინააღმდეგ ევროკავშირისა და ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს; მესამე – ამერიკული მხარის უკმაყოფილების მიუხედავად, ევროკავშირისა და ჩინეთის მონაწილეობით მიმდინარეობს ორი გლობალური ეკონომიკური პროექტი: „16+1“ და „ერთი სარტყელი – ერთი გზა“, რომელშიც ჩართულია პრაქტიკულად ყველა ევროპული სახელმწიფო. ეს პროექტები­ ითვალისწინებს ევროპასა და აზიას შორის ახალი სატრანსპორტო­ არტერიების­ მშენებლობასა და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას ამ არტერიების გასწვრივ; მეოთხე – 2023 წლის გაზაფხულზე ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და პრეზიდენტ სი ძინ პინის შეხვედრის შედეგები ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაო ნინმა ასე შეაფასა: „ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთსა და ევროკავშირს შორის წელს 20 წელი უსრულდება. ამ ვიზიტს ჩინეთი განიხილავს როგორც საშუალებას გლობალური გამოწვევების დაძლევისა და მეტი სტაბილურობის მიღწევისათვის დღევანდელ არეულობითა და უწესრიგობით მოცულ მსოფლიოში.

როგორც ვიცით, ირაკლი ღარიბაშვილსა და სი ძინპინს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე დიდი ადგილი დაეთმო საქართველოზე გამავალი ე.წ. შუა დერეფნის ამუშავების თემას. ეს დერეფანი ორ, ერთმანეთის სტრატეგიულ მოკავშირეს – ევროკავშირსა და ჩინეთს, ანუ ევროპასა და აზიას, უმოკლესი სახმელეთო გზით დააკავშირებს. ამ გლობალური პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ საქართველოს პრემიერი და ჩინეთის პრეზიდენტი სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ?! შუა დერეფნის შეუფერხებელი ფუნქციონირებით დაინტერესებული აზიური სუპერსახელმწიფო ევროკავშირთან ერთად ჩვენი რეგიონის სტაბილურობით დაინტერესებულ მხარედ გამოდის.

რა დიდი ანალიტიკოსობა უნდა იმას, რომ ეს გარემოება, ეკონომიკური პერსპექტივის გარდა, უსაფრთხოების დამატებით, სერიოზულ გარანტიებსაც აძლევს ჩვენს ქვეყანას? ნუთუ ეს არ ესმით ოპონენტებს? ცხადია, ესმით, მაგრამ ვიწროპარტიული ეგოიზმი და განურჩევლად ყველაფრის უარყოფის მავნე ჩვევა საშუალებას არ აძლევთ აღიარონ რეალობა. რა საგარეო კურსის ცვლილებაზეა ლაპარაკი? ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისათვის ეს სხვა არაფერია, თუ არა კატასტროფული სიბეცე ან შეგნებული მავნებლობა. საერთოდ, ვფიქრობ, კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხი უფრო მეტად დამოკიდებული იქნება წლის ბოლოს შექმნილ საერთაშორისო ვითარებაზე (მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომის პერიპეტიებზე), გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ ენერგეტიკულ მიზანშეწონილობაზე, ვიდრე საქართველოს შიდაპოლიტიკურ (უფრო სწორად, კვაზიპოლიტიკურ) კინკლაობაზე.­ ამ მოცემულობაში ჩინეთის ფაქტორი არათუ ხელს უშლის, პირიქით, მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას“,- აღნიშნა მწერალმა, კოტე ჯანდიერმა.