კოსოვოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ოპოზიცია იმარჯვებს
კოსოვოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ოპოზიცია იმარჯვებს

კოსოვოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ოპოზიცია იმარჯვებს.

არსებული მონაცემებით, პარტია „თვითგამორკვევა“(Vetövendosje) ხმების 26 პროცენტს აგროვებს, „კოსოვოს დემოკრატიული ლიგა“ კი – 25 პროცენტს. ჯერ კიდევ არჩევნებამდე, ორივე პარტიიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უმუშევრობას, კორუფციასა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას გააძლიერებენ.

მესამე ადგილზე ხმების 21 პროცენტით კოსოვოს დემოკრატიული პარტია გავიდა, პრემიერ-მინისტრის რამუშ ჰარადინაის პარტიამ კი, 11,6 პროცენტი დააგროვა.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პარტიის „ალიანსი კოსოვოს მომავლისთვის“ და მთავრობის ხელმძღვანელის რამუშ ჰარადინაის გადადგომის შემდეგ დაინიშნა. ივლისში კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა რამუშ ჰარადინაიმ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც სამხედრო დანაშაულებზე მომუშავე კოსოვოს პროკურორმა ის 1998-1999 წლებში სერბეთის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში მის როლთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაიბარა. მაშინ ჰარადინაი კოსოვოს გათავისუფლების არმიას მეთაურობდა. კოსოვოს ექს-პრემიერი დანაშაულის ჩადენას უარყოფს და აცხადებს, რომ მზადაა, ყველა ბრალდებას უპასუხოს.
ჰარადინაიმ პრემიერ-მინისტრის პოსტის თანამდებობა 2005 წელსაც დატოვა, როდესაც ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ტრიბუნალმა მას ბრალი წაუყენა. აღნიშნულმა სასამართლომ ის ორჯერ გაამართლა.

კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა ცნობს. თუმცა, მის დამოუკიდებლობას დღემდე არ აღიარებს ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყანა, ასევე რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა და საქართველო.