კოსოვომ სერბეთთან ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დახურა. გადაწყვეტილება პრიშტინაში მას შემდეგ მიიღეს, რაც სერბეთის მხარეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტებთან საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. დემონსტრანტების მცირე ჯგუფმა ნაწილობრივ გადაკეტა გზები და კოსოვოს მიერ გაცემული დოკუმენტების მქონე მგზავრები უკან გააბრუნა.
„სერბეთის შიგნით ნიღბიანი ექსტრემისტების ჯგუფები შერჩევითად და ფაშისტური მიდგომით აჩერებენ მოქალაქეებს, რომლებიც სერბეთს ტრანზიტულად იყენებენ“, – დაწერა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ კოსოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯელალ სვეჩლამ, რომელმაც ორი გადასასვლელი პუნქტის დაკეტვის შესახებ განაცხადა.
ამასთან, კოსოვოსა და სერბეთს შორის დანარჩენი ოთხი სასაზღვრო პუნქტი ღია რჩება.
სერბეთში დემონსტრაციების მონაწილეები ეთნიკური სერბებით დასახლებულ კოსოვოს ჩრდილოეთში ე.წ. პარალელური ინსტიტუტების დახურვას აპროტესტებდნენ.
„პარალელური ინსტიტუტები“ კოსოვოში სერბეთის ხელისუფლების მიერ დაფუძნებული და დაფინანსებული უწყებებია, რომლებიც კოსოვოს ოფიციალურ უწყებებთან ერთად, პარალელურად ფუნქციონირებენ, უმეტესწილად, ეთნიკური სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთ კოსოვოში.
კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს 110-ზე მეტ ქვეყანას, რომელთა შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი და დასავლური ქვეყნების უმრავლესობაა. კოსოვოს არ აღიარებს სერბეთის ტრადიციული მოკავშირე რუსეთი, ასევე ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყანა და საქართველო.