ისრაელი და კოსოვო დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. კოსოვო და სერბეთი იერუსალიმში საელჩოებს გახსნიან. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„კოსოვო მუსლიმური უმრავლესობის მქონე პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც საელჩოს იერუსალიმში გახსნის. როგორც აღვნიშნე, ისრაელის აღიარებისა და მშვიდობის წრე ფართოვდება და მოსალოდნელია, რომ მას უფრო მეტი ქვეყანა შეუერთდება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მანამდე, იერუსალიმში საელჩოების გახსნის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელმაც თეთრ სახლში სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის შემდეგ ტრამპმა აღნიშნა, რომ კოსოვოსა და სერბეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხმება შედგა.
ამ დროისთვის იერუსალიმში საკუთარი საელჩო მხოლოდ ორ ქვეყანას – აშშ-სა და გვატემალას აქვს. იერუსალიმში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების განთავსებას ეწინააღმდეგება პალესტინური მხარე.
იერუსალიმის სტატუსი ისრაელსა და პალესტინას შორის უთანხმოების მთავარი საკითხია. პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმს საკუთარ დედაქალაქად განიხილავენ.