ლიტვის იუსტიციის მინისტრი მილდა ვაინიუტე კორუფციული სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Baltnews.lt ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, გადადგომის თხოვნით მინისტრმა პრემიერს მიმართა, რომელმაც ეს თხოვნა დააკმაყოფილა.
„მესმის და ვაფასებ მინისტრის გადაწყვეტილებას შექმნილ ვითარებაში. მადლობელი ვარ მის მიერ შესრულებული სამუშაოსა და დაწყებული სისტემური რეფორმების გამო, რომელთა განხორციელებაც დიდი ხნის განმავლობაში არავინ ცდილობდა იმის მიუხედავად, რომ შესანიშნავად იცოდნენ ძველი პრობლემების შესახებ“, – ნათქვამია ლიტვის პრემიერ-მინისტრის საულიუს სკვერნიალისის განცხადებაში, რომელიც მთავრობის კანცელარიამ გაავრცელა.
ამავე დროს, პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელების კრიტიკოსებს არ გააჩნიათ მტკიცებულებები, რომ ისინი კორუფციულ სქემებთან არიან კავშირში.
ლიტვის იუსტიციის მინისტრი ციხეების დეპარტამენტში ჩატარებული ფინანსური შემოწმებებთან დაკავშირებით კორუფციული სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. იუსტიციის სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელმა რასა კაზენენემ განაცხადა, რომ მინისტრის მოადგილე რაიმონდას ბაკშისი დეპარტამენტში შესაძლო კორუფციული სქემების გამოძიებას ხელს უშლიდა. პრემიერ-მინისტრის მრჩევლის სკირიმანტას მალინაუსკასის ვარაუდით, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენა ციხეებში კორუფციის შემთხვევების დასამალად. 5 მარტს რაიმონდას ბაკშისმა თანამდებობა დატოვა.