რიგაში, კორუფციული გამოძიების ფარგლებში, ლატვიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ილმარ რიმშევიჩი დააკავეს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარის კუჩინსკისმა მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრს რიმშევიჩის დაკავების მიზეზებზე არ უსაუბრია. მისი თქმით, ინფორმაციას ანტიკორუფციული უწყება გაავრცელებს, თუმცა ლატვიის ანტიკორუფციულ ბიუროსა და სახელმწიფო პოლიციას აღნიშნულ საკითხზე ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
რიმშევიჩი ლატვიის ცენტრალურ ბანკს 2001 წლიდან ხელმძღვანელობს.
ლატვიის ფინანსურ სექტორში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენცია გამართა ლატვიის ფინანსთა მინისტრმა დანა რეიზნიეცე-ოზოლამ.
„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ლატვიის ფინანსური სისტემა სტაბილურია. ის, რასთანაც ახლა გვაქვს საქმე, ფინანსური სექტორის რეპუტაციის საერთაშორისო კრიზისია, რაც გამოწვეულია ბანკ ABLV-ს გარშემო შექმნილ სიტუაციასთან. აღნიშნულ ბანკს ამერიკელმა კოლეგებმა სერიოზული პრეტენზიები წაუყენეს“,- განაცხადა რეიზნიეცე-ოზოლამ.
როგორც BBC წერს, ლატვიაში ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის ABLV მისამართით პრეტენზიები აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უწყების, „ფინანსური დანაშაულების აღკვეთის ქსელის“ (FinCEN) წარმომადგენლებმა გამოთქვეს.
გასულ კვირას უწყების მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადების თანახმად, ABLV-ის საქმიანობა უკავშირდება რუსეთსა და უკრაინაში ფულის გათეთრებისა და კორუფციის რისკებს, ასევე ჩრდილოეთ კორეის თავდაცვით პროგრამას.