კორტების ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსის მოსაწყობად აუქციონი გამოცხადდება
იპოდრომის მიმდებარედ არსებული ჩოგბურთის კორტების დედაქალაქისთვის დაბრუნების შემდეგ, ადგილზე სპორტული კომპლექსის მოსაწყობად აუქციონი გამოცხადდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული ტერიტორიის ქალაქისთვის დასაბრუნებლად, თბილისის მერიამ ხანგრძლივი შრომა გასწია. თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 2 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.
„საზოგადოებას მოეხსენება, რომ იპოდრომის მიმდებარედ არსებული კორტების ტერიტორია 2009 წელს იქნა გასხვისებული და იქ მშენებლობები უნდა განხორციელებულიყო. რაც მერიაში დავიწყეთ ჩვენი უფლებამოსილების განხორციელება, პირადად ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე, მე და ჩვენი თანამშრომლები ჩართულები ვიყავით მოლაპარაკებებში, რომ როგორმე ინვესტორთან მიგვეღწია შეთანხმებას იმისთვის, რომ კორტები დაბრუნებოდა მუნიციპალიტეტს. წარმატებით განვახორციელეთ ადგილმონაცვლეობა და გვინდა, რომ ეს ადგილი აღვადგინოთ პირველადი სახით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება აუქციონი, რომლის პირობა აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაკლებ 2 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებაა.
გამარჯვებულმა კომპანიამ 7 174 კვ.მ ფართობზე, ორი წლის ვადაში, უნდა მოაწყოს ოთხი ღია საჩოგბურთო კორტი, ერთი საცურაო აუზი (ღია ან დახურული) და ერთი სავარჯიშო-სატრენაჟორო დარბაზი. ობიექტის პრივატიზაციის პირველადი საწყისი თანხა 5 775 070 ლარს შეადგენს.