ეთიოპიის ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ კორპორაცია „ბოინგმა“ ლაინერ „737 მაქს 8″-ის წარმოება შეამცირა. ამის შესახებ ბიბისი იუწყება.
ამერიკული ავიაკორპორაციის გადაწყვეტილებით, აპრილიდან თვეში 52 თვითმფრინავის ნაცვლად 42 გამოუშვებს.
„ბოინგის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს დროებითი ცვლილებაა. ახლა კორპორაცია თვიმფრინავის პროგრამული უზრუნველყოფის სერტიფიცირებაზე მუშაობს, რის შემდეგაც საფრენი აპარატი ექსპლუატაციაში ჩასაშვებად სრულად მზად იქნება. როგორც კორპორაციაში განაცხადეს, ლაინერის წარმოების შემცირების მიუხედავად, მასობრივი შემცირებები არ იგეგმება.
ეთიოპიის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა 10 მარტს განიცადა. ბოინგ „737 მაქს 8″-ის ბორტზე 157 ადამიანი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის დროს ყველა მათგანი დაიღუპა.