კორონავირუსთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დისტანციური თათბირი გამართა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ რეგიონის მერებთან დისტანციური თათბირი გამართა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რეგიონში მიმდინარე სამუშაოებზე ინფორმაცია მოისმინა. სახელმწიფო რწმუნებულმა მერებს ის დეტალები გააცნო, რისი გატარებაც ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დამატებით იგეგმება.
თათბირზე მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების, უფასო სასადილოების შეუფერხებლად მუშაობის, 70 წელს გადაცილებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საკვებით ბინაზე მომარაგების თემები განიხილეს. ასევე მიმოიხილეს თვითიზოლაციაში მყოფ პირთა მდგომარეობა და იზოლაციაში ყოფნის წესების დაცვის საკითხები.
რეგიონში უკვე დაიხურა სპორტული დარბაზები, კაფე-რესტორნები, პრევენციის მიზნით აიკრძალა შიდა სამარშუტო მიკროავტობუსები.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდსა და სენაკში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა. პროცესი დღეს დარჩენილ ობიექტებზე გაგრძელდება, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების დამუშავება მოხდება რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც.
სპეციალური ხსნარით უკვე დამუშავდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული ყველა სკოლა და საბავშვო ბაღი, სახელოვნებო და სპორტული დაწესებულებები. ყოველდღიურ რეჟიმში სპეციალური ხსნარით მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შექმნილია მოხალისეთა ჯგუფები, რომელებიც პირველ ეტაპზე, ჩართული არიან უფასო სასადილოში საკვების უსაფრთხოდ მიწოდების წესების დაცვაში. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიებში მოქმედებს 24-საათიანი ცხელი ხაზი.