კორონავირუსთან დაკავშირებით, რეგიონების საბავშვო ბაღებში 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით არდადეგები გამოცხადდა
კორონავირუსთან დაკავშირებით, საპრევენციო ღონისძიების მიზნით, საქართველოს რეგიონებში, ყველა მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, არდადეგები გამოცხადდა.
ინფორმაცის ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში, შენობებში, დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.
„პროცესს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი გაუწევენ. მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები მჭიდრო კოორდინაციაში რჩებიან ჯანდაცვის სამსახურებთან. საბავშვო ბაღებთან ერთად, სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება სხვადასხვა პროფილის დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში“, – აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, იმისთვის, რომ დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებშიც, საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.