კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებზე ქართველმა ექიმებმა ერთობლივი შეხვედრა გამართეს
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მედიკოსების გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, ეს შეხვედრა მოეწყო საუნივერსიტეტო კლინიკის ინიციატივით და იყო პირველი მცდელობა, რომ ერთად შეკრებილიყვნენ ის ექიმები, რომლებიც ყველაზე უფრო აქტიურად არიან ჩართული „კოვიდ 19“-ის ინფექციასთან ბრძოლაში.
„ძალიან დროული და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. განვიხილეთ წინასწარი შედეგები, გაიმართა საქმიანი მსჯელობა ამ დაავადების მიმდინარეობის თავისებურებებზე, პირველ ქართულ გამოცდილებაზე, წარმატებულ ნაბიჯებზე და გამოწვევებზე. დიდი იმედია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ თითოეული მონაწილის ცოდნა და გამოცდილება გაიზარდა, რაც წარმატებით იქნება გამოყენებული მომავალ მართვაში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.