კორონავირუსთან ბრძოლის გლობალურ საკითხებზე მინისტერიალი შესაძლოა, საქართველოში გაიმართოს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ირანის რესპუბლიკის ელჩს სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. განიხილეს ვირუსზე რეაგირებისა და პრევენციის გზები.
„ვისაუბრეთ ძალიან ბევრ ინიციატივაზე. წამოიჭრა საკითხი, გაიმართოს მინისტერიალი რეგიონის მასშტაბით, რათა მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები კორონავირუსთან გლობალურად ბრძოლის საკითხებზე. ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას. დაიგეგმა გარკვეული კომუნიკაციები მინისტრებს შორის და სავარაუდოდ გადაწყდება, რომ მინისტერიალი საქართველოში გაიმართოს. კორონავირუსი გლობალური გამოწვევაა და მნიშვნელოვანია კოორდინაცია ყველა უწყებასა თუ ქვეყანას შორის“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ირანული მხარე საქართველოში გატარებული პრევენციული ღონისძიებებით დაინტერესდა. მოხდა მათთვის, ამ კუთხით გამოცდილების გაზიარება.
„ვირუსმა ძალიან ბევრ ქვეყანაში შეაღწია, მათ შორის ჩვენთანაც. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც კორონავირუსის გამო ჩაკეტილმა საზღვრებმა გამოიწვია. განვიხილეთ ვირუსის პრევენციისა და მასზე რეაგირების გზები. ეს ვირუსი არ ცნობს საზღვრებს, შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ერთად ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილებები. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ მინისტერიალის გამართვა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – აღნიშნა ირანის ელჩმა.