კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდნილი 73 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი გიგა კიკაბიძე ადასტურებს.
მისივე თქმით, პაციენტი კლინიკაში ორი დღის წინ შეიყვანეს. მამაკაცს აღენიშნებოდა პნევმონია და ექვემდებარებოდა მკურნალობას.
„შემთხვევა გუშინ, დაახლოებით საღამოს შვიდი საათზე მოხდა. პაციენტი მესამე სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევის მიზეზი უცნობია. პალატაში მის გარდა არავინ იმყოფებოდა. პაციენტის შვილი ჩვენი თანამშრომელია. ისიც კოვიდინფიცირებულია და მამას ის მეთვალყურეობდა. სამწუხაროდ, გადმოვარდნის შემდეგ პაციენტი შეყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, დადგინდა გულ-მკერდის მიდამოში ორი ნეკნისა და მენჯის ძვლის მოტეხილობა, ასევე აღენიშნებოდა მუცლის ღრუში სისხლჩაქცევები. პაციენტს სასწრაფო წესით ჩაუტარდა ოპერაცია მუცლის ღრუზე და მოთავსდა რეანიმაციაში. სამწუხაროდ, მისი მდგომარეობა იყო მძიმე და ჩატარებულ მკურნალობის მიუხედავად დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“,- აცხადებს საქართველოს პირველ არხთან საუბარში გიგა კიკაბიძე.