კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად თელავის ორ სამედიცინო დაწესებულებაში სპეციალური განყოფილებები მომზადდა
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად თელავში ორი სამედიცინო დაწესებულება მომზადდა.
თელავის რეფერალურ საავადმყოფოში რიგითი მოქალაქეების მომსახურება უკვე შეჩერდა. საავადმყოფოს სტაციონარიდან პაციენტები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებაზე მკურნალობდნენ, სხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაანაწილეს. საავადმყოფო სრულ მზადყოფნაშია და კორონავირუსის სიმპტომების მქონე მოქალაქეების მიღებას ხვალიდან დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერმა, ხათუნა ჭონიაშვილმა დაუდასტურა.
„სპეციალურად მოწყობილ ბოქსირებულ განყოფილებაში შევძლებთ, მოვათავსოთ კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები. ბოქსები გამიჯნულია, სადაც პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით მოვათავსებთ. საავადმყოფო აღჭურვილია შესაბამისი აპარატურით. სამედიცინო პერსონალმა უკვე გაიარა სპეციალური ტრენინგი. საავადმყოფოს სტაციონარში 52 პაციენტის მიღებაა შესაძლებელი“, – განაცხადა ჭონიაშვილმა.
სერვისები შეაჩერა თელავის ცენტრალურმა საავადმყოფომაც. მიმდინარეობს სპეციალური განყოფილებების მოწყობა და პერსონალის მომზადება.
დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის სამსახურის ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, კახეთში სამედიცინო დაწესებულებებში ინფიცირებულების გადაყვანა დროის დაზოგვას, სწრაფ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას შეუწყობს ხელს. ხიზანიშვილის განმარტებით, სწრაფ ტესტებს კვირის ბოლომდე მიიღებენ. მისივე თქმით, სწრაფი ტესტის პროცედურულად სწორად ჩატარებისთვის ლაბორატორიის პერსონალი გადამზადება მიმდინარეობს.