კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი მოქალაქე, რამდენიმე დღის წინ წყნეთში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში იმყოფებოდა, ტაძარი დაიკეტა, სასულიერო პირები კარანტინში არიან
კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი მოქალაქე, ინფექციის დადასტურებამდე წყნეთში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში იმყოფებოდა.
ტაძარი დაიკეტა და იქ მყოფი სასულიერო პირები კარანტინში იმყოფებიან. სასულიერო პირების საცხოვრებელიც იქვეა განთავსებული.
როგორც საქართველოს პირველ არხს მოძღვარმა, მამა იოანემ განუცხადა, ქალი დაახლოებით ათი დღის წინ მათთან აღსარების ჩასაბარებლად მივიდა.
„ჩემი მრევლი არ იყო. მოვიდა აღსარების სათქმელად დაახლოებით ათი დღის უკან. აღსარება ჩააბარა და წავიდა, მერე არც მინახავს ის ადამიანი. ცალკე აღსარება მითხრა და წავიდა, ტაძარში არც შემოსულა ის. ეს იყო ათი დღის წინ და გუშინ აღმოაჩნდა“, – განაცხადა მამა იოანემ.
ტაძარში ამ დროისთვის შვიდი ადამიანი იმყოფება. მამა იოანე ვარაუდობს, რომ ახალ კორონავირუსზე ტესტს სავარაუდოდ დღეს აუღებენ.
„დღეს მოვლენ ალბათ და გამიკეთებენ. შვიდი ადამიანი ვართ. ჩვენთან გუშინ მოვიდნენ, თქვეს, რომ იმ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა და კარანტინში გამოგვკეტეს. აქ ბევრი არავინ შემოდის და არავინ გადის“, – განაცხადა მან.
კითხვაზე, თავად რამდენად ბევრ ადამიანთან ჰქონდათ კონტაქტი გასულ დღეებში, მოძღვარი ამბობს, რომ ბზობას საკმაოდ ბევრი ხალხი იყო.
„ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ბზობა ჩატარდა შემდეგ და ბევრი ხალხი იყო. სამი მღვდელი ვართ, მე ვარ ხოლმე აღსარებაზე, ისინი ატარებენ წირვას. ახლა დავკეტეთ,არავინ შემოდის და არავინ გადის აქედან. ეს არის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი წყნეთში. არის ეზო, ტაძარი და ჩვენი საცხოვრებელი ადგილები“, – აღნიშნა მოძღვარმა და განაცხადა, რომ ტაძარში დეზინფექციაც ჩაატარეს.