კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტებს შორის ექვსი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული რვა ახალი პაციენტიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, დანარჩენი კი შემოტანილი შემთხვევაა.
ეზუგბაიას განმარტებით, ახალ ინფიცირებულებს შორის ექვსი ტრაილერის მძღოლია.
„რვა პაციენტიდან, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, დანარჩენი შვიდი ყველა შემოტანილი შემთხვევაა. ექვსი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ერთი არის ჩვეულებრივი მოქალაქე“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციიით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 87 პროცენტი შეადგინა.
„გუშინდელი მონაცემებით იყო 931, გაიზარდა რვით და ამ ეტაპზე გვყავს 939 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი კარგად გაზიარდა, 22 გამოჯანმრთელებული დაემატა. იყო 795 და ამჟამად გვაქვს 817“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკას უკვე დადასტურებული დიაგნოზით გუშინ ოთხი პაციენტი დაემატა, ხოლო კიდევ სამი გამოჯანმრთელებული გაეწერა.
შესაბამისად, კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 23 პაციენტი რჩება.
„ოთხივე სატვირთო ავტომანქანების მძღოლები არიან. ორი აზერბაიჯანიდან შემოსულია, ერთი ბელარუსიდან, ერთი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ზუსტად არ მახსოვს, რომელი ქვეყნიდან არის შემოსული. ამ ეტაპზე ეს პაციენტები არ წარმოადგენენ მძიმე პაციენტებს, არიან საშუალო სიმძიმის პაციენტები. საერთოდ, მინდა, გითხრათ, რომ 23 პაციენტიდან უმეტესად საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.