კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა საფრანგეთსა და აშშ-ში მოგზაურობას უკავშირდება
კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთი უკავშირდება საფრანგეთში მოგზაურობის ისტორიას, მეორე კი ე.წ. ამერიკულ კლასტერთან დაკავშირებული კონტაქტია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„ერთი პაციენტი ჩამოსულიყო საფრანგეთიდან და მე-13 დღეს მოხდა დაავადების დადასტურება. ის იმყოფებოდა თვითიზოლაციაში და არის დამოუკიდებელი შემთხვევა. მეორე პაციენტი არის ე.წ. ამერიკულ კლასტერთან კავშირში. მას კონტაქტი ჰქონდა უკვე დადასტურებულ პაციენტთან. ეს პაციენტიც იყო თვითიზოლიაციაში და დაავადების გამოვლენიდან მეორე დღეს მოთავსდა ჩვენს კლინიკაში“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, 77 შემთხვევიდან ამ ეტაპზე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 34 პაციენტია მოთავსებული.
„10 გაწერილია და დანარჩენი 33 განთავსებულია ხუთ მიმღებ სხვა კლინიკაში. ამ ხუთს დაემატა მეექვსე ზუგდიდის ინფექციური საავდმყოფო. ერთ-ერთი ახალი პაციენტი არის ზუსტად ზუგდიდის საავადმყოფოში, ერთი ბათუმში, ერთი გორში და ჩვენს ცენტრში გუშინ დაემატა ორი ახალი შემთხვევა“, – აღნიშნა ზუგბაიამ.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 77 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 10 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.
კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.