კორონავირუსით გარდაცვლილი 34-ე პაციენტი საჩხერის საავადმყოფოში მკურნალობდა
კორონავირუსით გარდაცვლილი 34-ე პაციენტი 70 წლამდე ასაკის მამაკაცია, რომელიც საჩხერის საავადმყოფოში მკურნალობდა.
საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, პაციენტი ქუთაისის კლინიკიდან საჩხერის საავადმყოფოში დადასტურებული „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით 26 სექტემბერს შეიყვანეს.
მისივე თქმით, მამაკაცს პნევმონიასთან ერთად, სხვა თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.
„პაციენტს ჰქონდა ტუბერკულოზი. ბოლო პერიოდში დამძიმდა მისი მდგომარეობა და ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ.
ამ დროისთვის საჩხერის კლინიკაში მკურნალობის კურსს 80 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის.
უახლოეს დღეებში მედიკოსები რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.