კორონავირუსისგან დღეს გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა თბილისის ინფექციური საავადმყოფო დატოვა
კორონავირუსისგან დღეს გამოჯანმრთელებულ ორ პაციენტთაგან ერთი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, მან კლინიკა უკვე დატოვა.
„დილის შემდეგ მონაცემები არ შეცვლილა. კვლავ დადასტურებულია 233 შემთხვევა და სამი კი, შემოტანილი დადასტურებული შემთხვევა. ერთადერთი სიახლეა, რომ 56 გამოჯანმრთელებულია, აქედან ერთი გამოჯანმრთელებული ჩვენთანაა. დილას მიღებული ტესტირების შემდეგ მას უარყოფითი ჰქონდა პასუხი და მან დატოვა ჩვენი კლინიკა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება რვა პაციენტს, რომელთა მდგომარეობაც იყო საეჭვო, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
„ყველას პასუხი უარყოფითია, არც ერთთან არ დადასტურდა, ყველა დატოვებს ჩვენს კლინიკას“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, კვლავ საყურადღებოა ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული სამი პაციენტის მდგომარეობა.
„უცვლელია დღეს სიტუაცია. კვლავ სამი პაციენტი გვყავს მძიმეთა შორის უფრო მძიმედ, რომლებიც ინტენსიურ მეთვალყურეობას საჭიროებენ 24 საათის განმავლობაში. მათი მდგომარეობა დასტაბილურებული ჯერ არ არის და დღის განმავლობაში ცვალებადია, სიმძიმიდან გამომდინარე. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია და იმედია, რომ პროგრესირება თუ აღარ იქნება ისინიც უკვე გამოჯანმრთელებულები გახდებიან მალე“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ამასთან, როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა აღნიშნა, ინფიცირებულთა უმეტესობა საშუალო ასაკის პაციენტია.
„რაღაც გარკვეული პროცენტი 60 და 70 წლის ზემოთაა, მაგრამ, ძირითადად, 50 პროცენტზე მეტი საშუალო ასაკისაა“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, კლინიკაში საღამოსთვის კიდევ ექვსი პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან.