ამირან გამყრელიძე - კორონავირუსთან ბრძოლაში ერთად უნდა ვიყოთ სახელმწიფო, დამსაქმებლები და საზოგადოება
ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა დამსაქმებლების, როდესაც დღეს კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდება. სახელმწიფო, დამსაქმებლები და საზოგადოება- სამივე შტო ერთად უნდა ვიყოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო ისეთ სტრატეგიულ საკითხებს წყვეტს, როგორიცაა თვითიზოლაციის სივრცის, კოვიდსასტუმროების მოწყობა, წამლების, პირადი დაცვის საშუალებებისა და ტესტების მარაგები.
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა ზრუნვა თავის მოქალაქეებზე. სახელმწიფო, დამსაქმებლები და საზოგადოება- ეს სამივე შტო ერთად უნდა ვიყოთ. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა დამსაქმებლების, როდესაც დღეს კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდება. მნიშვნელოვანია, დაწესებულებათა ხელმძღვანელების მხრიდან, როგორი იქნება მათი პირადი პასუხისმგებლობა, რომ დაწესბებულებაში არ დაიშვას ტემპერატურით ადამიანი, თუ ვინმეს უდასტურდება ვირუსი, სამსახურებრივი ახლო კონტაქტები სწრაფად იქნან გადაყვანილი იზოლაციაში. ეს ყველაფერი დამსაქმებლის საზრუნავია. სახელმწიფო, რა თქმა უნდა, სტრატეგიულ საკითხებს წყვეტს, როგორი იყოს თვითიზოლაცია, კოვიდსასტუმროები, წამლების, პირადი დაცვის საშუალებებისა და ტესტების მარაგები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.