კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო, სამხრეთ კორეა განგაშის უმაღლეს დონეს აცხადებს
კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო, სამხრეთ კორეა განგაშის უმაღლეს დონეს აცხადებს

ახალი კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო, სამხრეთ კორეა განგაშის უმაღლეს დონეს აცხადებს. ქვეყნის პრეზიდენტის მუნ ჯე ინის განცხადებით, მომდევნო დღეები ეპიდემიის წინაშე მდგარი სამხრეთ კორეისთვის გადამწყვეტი იქნება.

ამ დროისთვის ვირუსით სამხრეთ კორეაში ხუთი ადამიანია გარდაცვლილი, 600-ზე მეტი კი ინფიცირებულია.

ეპიდემიის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს მიმართავს იტალიაც, კერძოდ კი, ჩრდილოეთ რეგიონები, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

132 დადასტურებული შემთხვევიდან სულ მცირე 89 პაციენტი ლომბარდიაშია. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, ვენეტოსა და ლომბარდიის მცხოვრებთ საგანგებო საშვების გარეშე ტერიტორიის დატოვების უფლება შეეზღუდებათ.

ასევე შეზღუდვები დაწესდება აღნიშნულ რაიონებში შესვლაზე. შეწყდება ყოველწლიური ვენეციის კარნავალიც, რომელიც 8 თებერვალს დაიწყო.

პრევენციულ ზომებს მიმართავს ირანიც, სადაც ვირუსით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყნის 14 პროვინციაში სასწავლო პროცესი შეწყდა. ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო, თურქეთმა ირანთან საერთო საზღვარი დროებით დახურა.

ბოლო მონაცემებით, ვირუსს 2 462 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი კი, 78 800-ს აღემატება.