ზუგდიდის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ იტალიიდან ჩამოსული რვა ადამიანი ზუგდიდში, თვითზოლაციაში იმყოფება
ზუგდიდის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ იტალიიდან ჩამოსული რვა ადამიანი ზუგდიდში, თვითზოლაციაში იმყოფება

იტალიიდან ჩამოსული რვა ადამიანი ზუგდიდში, თვითზოლაციაში იმყოფება. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა ოდიშარია დაუდასტურა.

მისი თქმით, თვითიზოლაციაში მყოფი პირების მონიტორინგი ყოველდღიურად მიმდინარეობს, მათ მინიმალური კონტაქტი აქვთ ოჯახის წევრებთან და ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„გვაქვს მათთან ყოველდღიური სატელეფონო კომუნიკაცია, დღეში ორჯერ ვურეკავთ. ვეკითხებით, ხომ არ აქვთ ხველა, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება და ყველა იმ სიმპტომის შესახებ, რაც დამახასიათებელია კორონავირუსისთვის. ყველა მათგანს მივაწოდეთ ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებზე“, – აცხადებს ნანა ოდიშარია.

მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც უცხოეთიდან ჩამოსულ მგზავრთა კონტაქტებს მოიკვლევენ, მონაცემებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგენს, ვინ უნდა იყოს კარანტინში და ვინ თვითიზოლაციაში, რის შემდეგაც მონაცემები ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრებს გადაეცემა.

„რვა პირის შესახებ, რომელთაგან ორი სოფელში ცხოვრობს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოგვაწოდა ინფორმაცია. ისინი თვითიზოლაციაში 14 დღეს გაატარებენ“, – გვითხრა ნანა ოდიშარიამ.