კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, საფრანგეთის რამდენიმე რეგიონში შეზღუდვები გაამკაცრეს
კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, საფრანგეთის რამდენიმე რეგიონში შეზღუდვები გაამკაცრეს

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, საფრანგეთის რამდენიმე რეგიონში შეზღუდვები გაამკაცრეს. „გარდიანის“ ინფორმაციით, მასობრივი შეკრებების გამართვაზე მკაცრი შეზღუდვა იმოქმედებს ბორდოსა და მარსელშიც. 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალული იქნება ბაღებსა და სკვერებში. ასევე, ახალი წესებით, სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება ერთდროულად, 5000-ს ნაცვლად, მხოლოდ 1000 ადამიანს შეეძლება.

ყველა კომპანიას ურჩევენ, თანამშრომელთა ნაწილი დისტანციურად ამუშაონ. საზოგადოებრივ ტრანსპორტში პიკის საათის დროსაც მგზავრების რაოდენობა უნდა შემცირდეს. შეზღუდული იქნება ხანდაზმულთა სახლებში ვიზიტებიც.

გამოფენების, ქორწილების, სტუდენტური წვეულებების გამართვა აკრძალული იქნება. საღამოს საათებში ქუჩაში ალკოჰოლი აღარ გაიყიდება, ხოლო რესტორნები ღამის 00:30 საათამდე იმუშავებენ.

„ვირუსი გაძლიერდა მიუხედავად იმის,ა რომ პირბადის ტარება ზაფხულიდან სავალდებულო იყო. ჩვენ უნდა მივიღოთ დამატებითი ზომები, რათა ჯანდაცვის სექტორმა დატვირთვას გაუძლოს“, – განაცხადეს მარსელისა და ბორდოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

მარსელში 100 000 მოსახლეზე ვირუსის 195 შემთხვევაა აღრიცხულია. პარიზში ეს მაჩვენებელი 154-ია, ხოლო ბორდოში 143. სამივე ეს ქალაქი საფრანგეთში ვირუსის ხელახლა გავრცელების ცხელ წერტილად ითვლება.