უკრაინაში, პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს
სასწრაფო დახმარების მანქანაში მყოფი ქალი, რომელმაც კიევის რეგიონში სამხედრო პერსონალის უკანონო დაკავების შესახებ განაცხადა, დაკავებულია, — ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულმა ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანა შეიძინა და სამი დღის განმავლობაში ადგილზე სადაზვერვო სამუშაოებს ატარებდა.
ბუდანოვის განმარტებით, არსებობს ამ ფაქტების დამადასტურებელი ჩანაწერები.
„დიახ, ის დააკავეს. იყო პროვოკაციის შემთხვევები. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? ერთმა ქალმა, რატომღაც სამედიცინო ფორმაში, რომელმაც ადრე შეიძინა სასწრაფო დახმარების მანქანა და მძღოლთან ერთად იყო, ადგილის დაზვერვა ჩაატარა, სულ მცირე, სამი დღით ადრე. ეს ყველაფერი ჩაწერილია. მასთან შემდგომი მუშაობა მიმდინარეობს. ყველა ეს მასალა მის ტელეფონში იპოვეს. ეს ნიშნავს, რომ განზრახ მოქმედება იგეგმებოდა. არსებობს მიმოწერა, ფოტოები და ა.შ. არსებობს მიმოწერა Telegram-ის გარკვეულ არხებთან“, — განაცხადა ბუდანოვმა.
კირილ ბუდანოვის თქმით, ჯერ ბუნდოვანია, რა მოტივით მოქმედებდა ის.
„შეიძლება, ეს იყოს პირადი მოტივები — რეიტინგის ასამაღლებლად ან ფულის საშოვნელად, თუმცა ჩნდება კითხვა, ვინ იხდის ასეთი მომსახურებისთვის? ან, შესაძლოა, ოდნავ განსხვავებული მიზნით — სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ“, — განაცხადა კირილ ბუდანოვმა.
ცნობისთვის, კიევთან ახლოს, პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკაში, ერთ-ერთ კერძო სახლთან მწვავე დაპირისპირება მოხდა. ადგილზე შეკრებილები აცხადებდნენ, რომ სახლში მამაკაცებს უკანონოდ აკავებდნენ და „აწამებდნენ“. ეროვნული გვარდიის სარდლის, ალექსანდრ პივნენკოს თქმით, სახლში 18 სამხედრო იმყოფებოდა. ოთხი მათგანი, რომელთაც სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ, ამჟამად ეროვნული გვარდიის სამედიცინო ცენტრში იმყოფებიან. მისივე თქმით, ეს ის სამხედროები არიან, რომლებიც სამსახურის თვითნებური დატოვების შემდეგ დააკავეს და ქვედანაყოფებში დააბრუნეს. პივნენკოს განმარტებით, ამ პუნქტში მობილიზებული სამხედროები მიდიან, ამზადებენ დოკუმენტებს და გადიან შემოწმებას, შემდეგ კი 58 დღით სასწავლო ცენტრებში გადაჰყავთ. მისივე თქმით, ომის გამო სამხედროების უმეტესობას მუდმივი განლაგების პუნქტი არ აქვს, ამიტომ ყველასთვის ოფიციალური ადგილების შექმნა ფიზიკურად შეუძლებელია.