კიევთან, პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკაში მდებარე ერთ-ერთ კერძო სახლთან დაპირისპირება იყო, ადგილზე შეკრებილები აცხადებდნენ, რომ სახლში ადამიანებს უკანონოდ აკავებდნენ და სცემდნენ [ვიდეო]

10:09, 03.11.2026

კიევთან ახლოს, პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკაში, ერთ-ერთ კერძო სახლთან მწვავე დაპირისპირება მოხდა. ადგილზე შეკრებილები ამტკიცებდნენ, რომ სახლში ადამიანებს უკანონოდ აკავებდნენ და სცემდნენ.

ეროვნული გვარდიის სარდალი ოლექსანდრ პივნენკო ამბობს, რომ ეს „აზოვის“ პირველი კორპუსის დროებითი განლაგების პუნქტია და იქ სამხედროები იმყოფებიან.

მედიის ცნობით, 2 ნოემბერს პოლიციას კერძო სასწრაფოს თანამშრომლებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ მოქალაქესთან მისვლას უშლიდნენ. ამის შემდეგ სახლთან ადგილობრივები შეიკრიბნენ. პოლიცია ამბობს, რომ ადამიანების უკანონოდ დაკავებისა და ერთი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

საღამოს სიტუაცია დაძაბულობაში გაიზარდა. გაისმა გასროლის ხმა. გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ გამოიყვანეს სახლიდან მამაკაცები და ავტობუსში ჩასვეს. შეკრებილებმა პოლიციის ავტობუსი დაამტვრიეს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ადგილზე პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი ჩავიდა. მან ხალხს დაშლისკენ მოუწოდა და თქვა, რომ საქმეს პირადად აკონტროლებს. გამოძიებას გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო გამოძიების ბიურო დაიწყებს. ბუდანოვმა ადგილზე შეკრებილები სახლში შეიყვანა, რათა თავად ენახათ, რა ხდებოდა. მისი თქმით, სახლში უკვე აღარავინ იყო.

ბუდანოვის განცხადებით, სახლიდან 14 წლის ბიჭიც გამოიყვანეს, რომელიც, სავარაუდოდ, ნაცემი იყო, თუმცა ცოტა ხნით ადრე ის ღობეზე ხტებოდა, აგურებს ისროდა და სამართალდამცველებს ემუქრებოდა. ბუდანოვის თქმით, მოვლენები სპონტანურ აქციას არ ჰგავდა და დაგეგმილი იყო.

ეროვნული გვარდიის სარდლის, ალექსანდრ  პივნენკოს თქმით, სახლში 18 სამხედრო იმყოფებოდა. ოთხი მათგანი, რომელთაც სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ, ამჟამად ეროვნული გვარდიის სამედიცინო ცენტრში იმყოფებიან. მისივე თქმით, ეს ის სამხედროები არიან, რომლებიც სამსახურის თვითნებური დატოვების შემდეგ დააკავეს და ქვედანაყოფებში დააბრუნეს. პივნენკოს განმარტებით, ამ პუნქტში მობილიზებული სამხედროები მიდიან, ამზადებენ დოკუმენტებს და გადიან შემოწმებას, შემდეგ კი 58 დღით სასწავლო ცენტრებში გადაჰყავთ. მისივე თქმით, ომის გამო სამხედროების უმეტესობას მუდმივი განლაგების პუნქტი არ აქვს, ამიტომ ყველასთვის ოფიციალური ადგილების შექმნა ფიზიკურად შეუძლებელია.

მსგავსი